YouVersion Logo
Search Icon

დან. 8

8
ჩვენება ვერძისა მდინარესთან
1მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.
2ვხედავდი ხილვაში და ჩემს ხილვაში სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ყელამის ქვეყანაში რომ არის. დავინახე ხილვაში, რომ მდინარე ულაის პირას ვიდექი.
3თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას, ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი. ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4დავინახე, ეს ერკემალი ირქინებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ. წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისგან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და იზრდებოდა.
5როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა.
6მოვიდა იგი იმ ორრქიან ერკემალთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და თავისი ძალის მრისხანებით მიეჭრა მას.
7დავინახე, იგი მიუახლოვდა ერკემალს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინაღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან.
8მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი საჩინო რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.
9ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გაქელა ისინი.
11იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდარის ადგილი.
12მხედრობა მიცემულ იქნა მუდმივ მსხვერპლთან ერთად დანაშაულის გამო და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და მოქმედებდა და წარემართებოდა.
13გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ლაპარაკობდა: „როდემდე გასტანს ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლზე და გატიალების დანაშაულზე, საწმიდარზე და მხედრობაზე, რომელიც უნდა გაიქელოს?“
14მითხრა: „ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანს და ამის შემდეგ აღდგება საწმიდარი.“
განმარტება ამ ჩვენებისა
15როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, ჩემს წინ ვიღაც იდგა, კაცის იერის მქონე.
16და შემომესმა კაცის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!“
17და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.“
18რომ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა.
19და მითხრა: „აჰა, გამცნებ, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება.
20ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია,
21ხოლო ის ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.
22ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა – ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ.
23მათი სამეფოს აღსასრულისას, როდესაც დამნაშავენი თავისას აღასრულებენ, აღდგება წინდაუხედავი და ორპირობაში გაწაფული.
24განმტკიცდება მისი ძლიერება, საკვირვლად გაანადგურებს და წარემართება და იმოქმედებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმიდათა ერს.
25და თავისი მზაკვრობის მეშვეობით სიცრუეს წარმატებას მიაღწევინებს მის ხელში. განდიდდება იგი თავის გულში და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელზეც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.“
27მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და მეფის საქმეებს შევუდექი. გაკვირვებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერას მივმხვდარიყავი.

Currently Selected:

დან. 8: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy