საქმე. 25
25
პავლე ითხოვს კეისრის სამსჯავროს
1სამთავროში რომ მივიდა ფესტოსი, სამი დღის შემდეგ კესარიიდან იერუსალიმში ავიდა.
2აცნობეს მას მღვდელმთავარმა და იუდეველთა მთავრებმა თავიანთი სარჩელი პავლეს წინააღმდეგ და ევედრებოდნენ,
3სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.
4მაგრამ ფესტოსმა მიუგო, რომ პავლე კესარიაშია დაპატიმრებული და რომ მალე თვითონაც იქ მიემგზავრება.
5უთხრა მან: „ახლა რომელ თქვენგანსაც შეუძლია, წამომყვეს და, თუ რაიმე აქვს ამ კაცს დანაშაული, ბრალი დასდოს.“
6მათ შორის ათი თუ რვა დღე დაჰყო და ჩამოვიდა კესარიაში. მეორე დღეს დაჯდა მსაჯულის ადგილზე და პავლეს მოყვანა ბრძანა.
7როცა ის მოვიდა, მის ირგვლივ დადგნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, ბევრი და მძიმე ბრალდება წაუყენეს, რომელთა დამტკიცება ვერ შესძლეს.
8პავლემ კი თავის გასამართლებლად თქვა: „არაფერი შემიცოდავს არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრის, არც კეისრის წინააღმდეგ.“
9ფესტოსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და მიუგო პავლეს და უთხრა: „გინდა იერუსალიმში ასვლა, რომ იქ განიკითხო ამის გამო ჩემს წინაშე?“
10უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.
11თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.“
12მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: „კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.“
პავლეს საქმეს ფელიქსი უდგენს აგრიპას
13რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე ჩავიდნენ კესარიაში ფესტოსის მოსაკითხავად.
14და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად,
15ვისზეც, იერუსალიმში ყოფნისას, შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი.
16მათ მივუგე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.
17როცა ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე დავჯექი მსაჯულის ადგილზე და ვბრძანე იმ კაცის მოყვანა.
18ბრალმდებლებმა, რომლებიც გარს შემოეხვივნენ, ვერცერთი ბრალდება ვერ წაუყენეს, რომელსაც მე ვვარაუდობდი.
19მაგრამ ისინი რაღაცას ედავებოდნენ მას სარწმუნოებაზე და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომლის შესახებაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.
20ამ საქმის გარჩევა რომ გამიძნელდა, ვუთხარი მას: ხომ არ სურდა იერუსალიმში წასულიყო და იქ განკითხულიყო ამისთვის?
21მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.“
22აგრიპამ კი უთხრა ფესტოსს: მეც მინდა იმ კაცის მოსმენა. მან თქვა: „ხვალვე მოუსმენ მას.“
პავლე აგრიპა მეფის წინაშე
23მეორე დღეს, როცა მოვიდნენ აგრიპა და ბერნიკე დიდი ბრწყინვალებით და შევიდნენ მისაღებ დარბაზში ათასისთავებთან და ქალაქის წარჩინებულ მოქალაქეებთან ერთად, ფესტოსის ბრძანებით მოიყვანეს პავლე.
24და თქვა ფესტოსმა: „მეფე აგრიპავ და ყველა აქ დამსწრე კაცნო, თქვენ ხედავთ იმას, ვის გამოც მრავალი იუდეველი მოდიოდა ჩემთან იერუსალიმშიც და აქაც. ყვიროდნენ, მან მეტი აღარ უნდა იცოცხლოსო.
25მაგრამ მე ვცანი, რომ მას სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია და, რაკი თვითონ მოითხოვა კეისრის სამსჯავრო, გადავწყვიტე მისი გაგზავნა.
26დამაჯერებელი არაფერი მაქვს, რომ მივწერო ხელმწიფეს. ამიტომ მოვიყვანე ეგ თქვენს წინაშე, უფრო კი შენს წინაშე, მეფე აგრიპავ, რათა დაკითხვის შემდეგ მისაწერი მქონდეს.
27ვინაიდან უაზროდ მეჩვენება, პატიმარი გავუგზავნო და არ ვაუწყო მისი დანაშაული.“
Currently Selected:
საქმე. 25: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002