YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 26

26
პავლე თავს იცავს აგრიპას წინაშე
1აგრიპამ უთხრა პავლეს: „ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე.“ მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
2„ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ.
3მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადაო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.
4ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე.
5ისინი კარგა ხანია, მიცნობენ, თუკი დამოწმება სურთ, რომ მე, როგორც ფარისეველი, ვცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უზუსტესი მოძღვრების მიხედვით.
6და ახლა ვდგავარ განსაკითხავად აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს,
7რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები, მეფევ!
8დაუჯერებელი რატომ გგონია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
9თავად, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,
10და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი,
11ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და, მათზე მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი.
12ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით.
13შუადღისას, მეფევ, გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, მზის უბრწყინვალესი ნათელი, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს.
14ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე? გაგიძნელდება საგმირისათვის წიხლის ცემა.’
15მე ვთქვი: ‘ვინ ხარ შენ, უფალო?’ უფალმა თქვა: ‘მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
16მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
17რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ
18მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’
19ამიტომ, მეფე აგრიპავ, არ ვეურჩე ციურ ჩვენებას,
20არამედ პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისაკენ მოქცევას, და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი.
21ამისათვის შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
22მაგრამ, ღვთის შეწევნით, მე დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო,
23რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო, რომ ნათელი ეუწყებინა ამ ხალხისა და წარმართებისათვის.“
24ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: „სულელობ, პავლე! ბევრ სწავლას სისულელემდე მიჰყავხარ.“
25პავლემ კი: „მე არ ვსულელობ, უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ.
26ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
27წინასწარმეტყველთა თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს.“
28აგრიპამ პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.“
29პავლემ კი: „ღმერთს ვევედრები, რომ მალე თუ გვიან არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს, როგორც მე ვარ, გარდა ამ ბორკილებისა.“
30ეს რომ თქვა, მეფე და განმგებელი, ბერნიკა და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ,
31განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
32ხოლო აგრიპამ ფესტოსს უთხრა: „შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა.“

Currently Selected:

საქმე. 26: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in