YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 24

24
ტერტილოსის ბრალდება პავლეს მიმართ ფელიქსის წინაშე
1ხუთი დღის შემდეგ მივიდა მღვდელმთავარი ანანია უხუცესებთან და ვინმე რიტორ ტერტილოსთან ერთად, რომლებმაც განმგებელთან უჩივლეს პავლეს.
2როცა გამოიძახეს, ტერტილოსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
3„ყველგან და ყოველთვის მთელი მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენის წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს, და შენს მზრუნველობას ვუმადლით ცვლილებებს ამ ხალხისათვის, უაღმატებულესო ფელიქს.
4მაგრამ, ზედმეტად რომ არ შეგაწუხოთ, გთხოვთ, მოისმინო მოკლედ ნათქვამი შენთვის ჩვეული მოთმინებით.
5ეს კაცი ვცანით ჭირად და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის ამტეხად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლად,
6რომელმაც ტაძრის შებღალვაც კი სცადა, და შევიპყარით იგი და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა,
7მაგრამ ათასისთავი ლუსია მოვიდა და დიდი ძალმომრეობით გამოგვტაცა ხელიდან
8და უბრძანა მის ბრალმდებლებს შენთან მოსულიყვნენ, რათა შენ თავად შეგძლებოდა მისგან გაგეგო, რას ვდებთ ბრალად.“
9იუდეველებმაც დაადასტურეს და თქვეს: ასეაო.
პავლე უარყოფს ბრალდებას
10მიუგო პავლემ, როცა განმგებელმა ანიშნა, ილაპარაკეო: „ვიცი, რომ მრავალი წელია, ამ ხალხის მსაჯული ხარ, და ამიტომ გულდაჯერებით დავიცავ ჩემს საქმეს.
11შენ შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტ დღეზე მეტი არ არის, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანისსაცემად.
12არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ ვინმესთან მედავოს ან ხალხი ამეშფოთებინოს, ან სინაგოგაში, ან ქალაქში.
13შენს წინაშე ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა ბრალს მდებენ.
14ამას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ეგენი მწვალებლობას უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი.
15მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
16ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.
17მრავალი წლის შემდეგ მოვედი ჩემი ხალხისათვის მოწყალებისა და შესაწირავის მოსატანად.
18ამგვარად მნახეს ტაძარში, განწმედილი, ბრბოსა და შფოთის გარეშე.
19აზიელ იუდეველთაგან იყვნენ ისინი, რომელნიც უნდა გამოცხადებულიყვნენ შენს წინაშე და დაედოთ ბრალი, თუ რამე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20ანდა, თვითონ ამათ თქვან, რა ბრალი ნახეს ჩემში, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი,
21გარდა იმ ერთი სიტყვისა, რომელიც მე წამოვიძახე, მათ შორის მდგარმა: მკვდრეთით აღდგომისათვის განვიკითხები-მეთქი დღეს თქვენგან.“
ფელიქსი ვადას უდებს ორ წლამდე
22ეს რომ მოისმინა ფელიქსმა, რაკი კარგად იცნობდა ამ გზას, ვადა გადაუდო მათ და უთხრა: როცა ათასისთავი ლუსია მოვა, მაშინ განვიხილავ თქვენს საქმესო.
23ასისთავს უბრძანა, დაეცვა იგი, მაგრამ ისე, რომ არ შეეწუხებინათ და მისიანთაგან არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება.
24რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ფელიქსი და თან ახლდა თავისი მეუღლე დრუსილა, იუდეველი. მოუხმო პავლეს და უსმენდა მას ქრისტე იესოს სარწმუნოების შესახებ.
25როცა ის ლაპარაკობდა სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე, ფელიქსი შეშინდა და მიუგო: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“
26ამასთანავე იმედი ჰქონდა, რომ პავლესგან ფულს მიიღებდა, რომ გაეშვა იგი. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27ორი წელი რომ გავიდა, ფელიქსს შემცვლელი მოუვიდა, პორკიოს ფესტოსი. ფელიქსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა და პავლე შებორკილი დატოვა.

Currently Selected:

საქმე. 24: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in