საქმე. 20
20
მგზავრობა მაკედონიასა და საბერძნეთში
1ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაარიგა, დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია.
2ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა.
3იქ სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო.
4თან ახლდნენ მას აზიამდე ბერეაელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, აზიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე.
5ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგვლოდებოდნენ ტროადაში.
6ჩვენ კი უფუარობის შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროადაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
ევტიხის გაცოცხლება ტროადაში
7შვიდეულის პირველ დღესვე, როცა მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
8ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი სანთელი იყო.
9ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
10ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა.“
11ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, და წავიდა.
12ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და არამცირედი ნუგეში ეცათ.
პავლე გაუდგა იერუსალიმის გზას
13ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხით აპირებდა ასვლას.
14როცა ჩვენ შეგვხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში.
15იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ, მეორე დღეს მივადექით სამოსს, დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში.
16პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
სიტყვა მილეტში უხუცესებისადმი
17მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები.
18როცა მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი.
19ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელებით, რომელნიც შემემთხვა იუდეველთა შეთქმულებებით.
20არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში.
21ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
22და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და რა შემემთხვევა, არ ვიცი.
23მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის.
24მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
25აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
26ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან.
27ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებელი ღვთის ყოველი ნება.
28გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
29ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
31ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
32ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
33არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
34თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.
35ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“
36ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
37მაშინ დიდი ტირილი იყო ყველასთან, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და კოცნიდნენ.
38უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთო ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
Currently Selected:
საქმე. 20: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002