YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 19

19
პავლე ასწავლის ეფესოში
1კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2უთხრა მათ: „თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.“
3უთხრა: „რიღათი მოინათლეთ?“ მათ თქვეს: „იოანეს ნათლისცემით.“
4თქვა პავლემ: „იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.“
5მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.
7სულ იყო თორმეტიოდე კაცი.
8შევიდა სინაგოგაში და სამ თვეს გაცხადებულად საუბრობდა და ირწმუნებოდა ღვთის სასუფეველის შესახებ.
9მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაჯიუტდნენ და არ ირწმუნეს, და საჯაროდ ლანძღავდნენ უფლის გზას, მაშინ მან მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.
10ასე გასტანა ორ წელიწადს, ისე რომ აზიის ყველა მცხოვრები ისმენდა უფლის სიტყვას – როგორც იუდეველები, ისე ბერძნები.
11ხოლო ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12ისე რომ, ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებებს, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
საჯადოსნო წიგნების დაწვა
13შეეცადა ზოგიერთი მოხეტიალე შემლოცველი იუდეველიც უფალ იესოს სახელის ხსენებას ავი სულით შეპყრობილზე და ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14ამას აკეთედა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი.
15მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?“
16და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა მათ, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან.
17ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ, და თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18მრავალი მორწმუნეთაგანი მოდიოდა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.
20ასე იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის ძალისამებრ სიტყვა.
პავლეს განზრახვა
21როდესაც ეს აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო მაკედონიასა და აქაიას გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ ყოფნის შემდეგ რომიც უნდა მოვინახულო.“
22გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური – ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
ამბოხება ეფესოში
დემეტრეს ხელმძღვანელობით
23იმ ხანებში დიდი არეულობა მოხდა უფლის გზის გამო.
24იყო ერთი ვერცხლის მჭედელი, სახელად დემეტრე, რომელიც არტემისის ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და არამცირედ საქმეს უჩენდა ხელოსნებს.
25შეკრიბა ისინი და მათი ხელობის ხალხი და უთხრა: „კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში ამ პავლემ თავისი დარწმუნებით ამდენი ხალხი შეაცდინა. ასე ამბობს: ადამიანთა ხელითქმნილნი არ არიანო ღმერთები.
27ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემისის ტაძარსაც აღარაფერი მნიშვნელობა ექნება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანსა სცემს მთელი აზია და მსოფლიო.“
28ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ, მორთეს ყვირილი და ამბობდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
29მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანამგზავრები, და ერთსულოვნად გაეშურნენ თეატრონისაკენ.
30პავლეს სურდა ხალხში გასულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს.
31ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნეს და სთხოვეს არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი – სხვას, ვინაიდან კრებული ჭრელი იყო და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33ხალხიდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა წარადგინეს. ალექსანდრემ ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლებინა ხალხის წინაშე.
34როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველას ერთი ხმა აღმოხდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესელთა არტემისი!“
35ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: „ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ეფესელთა ქალაქი მცველია დიდი არტემისისა და ცითმოვლენილისა?
36და რაკი ეს უცილობელია, თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37მოიყვანეთ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები.
38თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს აქვთ ვინმეზე საჩივარი, აგერ გვაქვს სამსჯავროს შეკრებები და გვყავს პროკონსულები, და უჩივლონ ერთმანეთს.
39ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე გადაწყდება.
40ვინაიდან ჩვენ საფრთხე გვემუქრება, რომ დღევანდელი შფოთისთვის ბრალს დაგვდებენ, რაკი არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შეგვეძლოს.“ ეს თქვა და კრება დაითხოვა.

Currently Selected:

საქმე. 19: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in