YouVersion Logo
Search Icon

საქმე. 21

21
პავლეს მგზავრობის შეწყვეტა ტვიროსში
1როცა მათ დავშორდით, გადავცურეთ პირდაპირ და მივედით კოსში, ხოლო მეორე დღეს – როდოსს, და იქიდან – პატრაში.
2ვნახეთ ხომალდი, რომელიც ფინიკიაში მიდიოდა, ავედით და გავცურეთ.
3კვიპროსი რომ გამოჩნდა, მარცხნივ მოვიტოვეთ იგი, სირიისაკენ გავცურეთ და ჩავედით ტვიროსში, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
4მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
5ამ დღეებმა რომ ჩაიარა, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლ-შვილითურთ ქალაქგარეთ გამოგვაცილა და ზღვის ნაპირზე მუხლმოყრილებმა ვილოცეთ.
6ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ავედით ხომალდზე, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.
აგაბოსის წინასწარმეტყველება
7დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაისში ჩავედით, მოვიკითხეთ ძმები და ერთი დღე დავყავით მათთან.
8მეორე დღეს გამოვედით და მივედით კესარიას, და შევედით ერთ-ერთ შვიდთაგანის – ფილიპე მახარებლის – სახლში და დავრჩით მასთან.
9მას ჰყავდა ოთხი ქალიშვილი – გაქადაგებული ქალწულები.
10მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
11მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა: კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“
12ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში.
13მაშინ მოგვიგო პავლემ და გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, არამედ იერუსალიმში სასიკვდილოდაც მზადა ვარ უფალ იესოს სახელისათვის.“
14რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: „უფლის ნება იყოს!“
პავლეს ასვლა იერუსალიმში
15იმ დღეების შემდეგ გავემზადეთ და ავედით იერუსალიმს.
16თან გამოგვყვა აგრეთვე ზოგიერთი მოწაფე კესარიიდან და მიგვიყვანეს მნასონთან, ერთ ძველ კვიპროსელ მოწაფესთან, ვისთანაც ღამე უნდა გაგვეთია.
17იერუსალიმში მისულნი სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად შევიდა იაკობთან და ყველა უხუცესიც მოვიდა.
19მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მოახდინა წარმართებს შორის მისი მსახურებით.
რჩევა წეს-ჩვეულებათა დაცვაზე
20ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან.
21შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო.
22აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ.
23ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული.
24წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას.
25ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.“
26მაშინ პავლემ წაიყვანა ის კაცები, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმიდა, მომდევნო დღეს შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, რომ დასრულდა განწმედის დღეები, როცა თითოეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
პავლეს გადარჩენა
რომაელი ჯარისკაცების მიერ
27როცა იწურებოდა შვიდი დღე, აზიელმა იუდეველებმა, ტაძარში რომ დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას.
28ყვიროდნენ: „კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან უქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ. ახლა ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.“
29მასთან ერთად ქალაქში უნახავთ ტროფიმე ეფესელი და ჰგონებიათ, პავლემ შეიყვანაო ტაძარში.
30მთელი ქალაქი შეიძრა და შეგროვდა ხალხი. პავლე შეიპყრეს, გამოათრიეს ტაძრიდან და კარები მყისვე ჩაიკეტა.
31როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
32მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.
33მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, გამოიყვანა იგი და ბრძანა ორი ჯაჭვით შეეკრათ, და კითხულობდა: ვინ არის და რა ჩაიდინაო?
34ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი – მეორეს. ხოლო მან, რაკი ვერ შეძლო არეულობის გამო სინამდვილის გაგება, მისი ბანაკში წაყვანა ბრძანა.
35როცა კიბეებთან მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ხალხის სიმრავლის გამო,
36ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „სიკვდილი მაგას!“
ხალხთან ლაპარაკის ნებართვა
37ბანაკში რომ შეჰყავდათ, პავლემ უთხრა ათასისთავს: „შეიძლება ერთი რამ გითხრა?“ მან თქვა: „ბერძნული იცი?
38შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ შფოთი რომ ატეხა და ოთხი ათასი ყელისგამომღადვრელი უდაბნოში გაიყვანა?“
39თქვა პავლემ: „მე იუდეველი კაცი ვარ, ტარსუსელი, არცთუ უცნობი კილიკიის ქალაქის მოქალაქე. გთხოვ, ნება მომცე, ხალხს დაველაპარაკო.“
40ნება რომ მისცა, პავლე დადგა კიბეზე, ხელით ანიშნა ხალხს და, როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა და თქვა.

Currently Selected:

საქმე. 21: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in