YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 9

9
იეჰუს ცხება მეფედ
1ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ერთ-ერთ ძეთაგანს და უთხრა: „შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გილყადის რამოთს.
2და მიხვალ და ნახავ იქ იეჰუს, ნიმშის ძის იოშაფატის ძეს. მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან.
3და აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ‘ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.’ და კარს გააღებ და დაუყოვნებლივ გაიქცევი და არ მოიცდი.“
4და წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს.
5მივიდა და აჰა, სხედან ჯარის სარდლები. და უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო.“ და თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?“ და თქვა: „შენთან, სარდალო.“
6და ადგა და შევიდა სახლში. და გადაასხა ზეთი თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის, მეფედ.
7შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის, სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, რომელნიც დაეცნენ იზებელის ხელით.
8და განადგურდება ახაბის მთელი სახლი, და ამოვუძირკვავ ახაბს კედელთან მიმშარდავს, და ყმასა და აზატს ისრაელში.
9და ვაქცევ ახაბის სახლს იერობყამ ნაბატის ძის სახლივით, და ბაყაშა ახიას ძის სახლივით.
10იზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი.’“ და გააღო კარი და გაიქცა.
11და გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან და უთხრეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?“ და უთხრა მათ: „თქვენ იცით ეს კაციც და მისი ნალაპარაკევიც.“
12და თქვეს: „ტყუილია, გვითხარი.“ და თქვა: „ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: ‘მე გცხებ ისრაელის მეფედ.’“
13და საჩქაროდ დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ზედ საფეხურებზე დაუფინეს. და ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: „გამეფდა იეჰუ!“
იეჰუ კლავს იორამს
14აუჯანყდა იეჰუ იორამს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გილყადის რამოთში.
15თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში მოერჩინა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელთან, არამის მეფესთან, ბრძოლის დროს. და თქვა იეჰუმ: „თუ თანახმა ხართ, ნურავის გაუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.“
16და ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისაკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორამის სანახავად.
17ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში. და დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: „ჯარს ვხედავ.“ და თქვა იორამმა: „აიღე და გაგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ‘მშვიდობაა?’“
18და წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“ შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდება.“
19და გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: „ასე ამბობს მეფე: ‘მშვიდობაა?’“ და თქვა იეჰუმ: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.“
20შეატყობინა ებგურმა: „მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.“
21და თქვა იორამმა: „შემიკაზმეთ.“ და შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზიაჰუ, იუდას მეფე, თავ-თავისი ეტლებით. და გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის მინდორზე.
22და როცა დაინახა იორამმა იეჰუ, თქვა: „მშვიდობაა, იეჰუ?“ და თქვა: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის, გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“
23და უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა, და უთხრა ახაზიაჰუს: „ღალატია, ახაზია!“
24და მოზიდა მშვილდი იეჰუმ, და ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. და ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.
25და უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: „აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში. და გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, ახაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა.
26‘განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? – ამბობს უფალი, – ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს’. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.“
ახაზიაჰუს სიკვდილი
27ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბეთ-ჰაგანისკენ გაიქცა. და გაეკიდა იეჰუ და თქვა: „მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე.“ და დაჰკრეს მას გურის მაღლობზე. იბლეყამთან, მეგიდოში. და გაიქცა და იქ მოკვდა.
28და წაასვენეს მისმა მსახურებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში, მამათა გვერდით, დავითის ქალაქში.
29იორამ ახაბის ძის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში.
იზებელის სიკვდილი
30და მივიდა იეჰუ იზრეყელში და, როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.
31და შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ქალმა თქვა: „ხომ მშვიდობითაა ზიმრი საკუთარი ბატონის მკვლელი?“
32ახედა სარკმელს კაცმა და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა.
33და თქვა: „გადმოაგდეთ ქალი!“ და გადმოაგდეს და მიესხა სისხლი კედელს და ცხენებს. და მათ გადათელეს იგი.
34და მივიდა იეჰუ, და ჭამა და სვა, და თქვა: „მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.“
35და წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავის ქალისა და ხელ-ფეხის მეტი.
36და დაბრუნდნენ და მოახსენეს. და თქვა იეჰუმ: „ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მსახურის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს.
37და იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: „აი ეს არის იზებელი.“

Currently Selected:

4მეფ. 9: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in