YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 8

8
ელისე წინასწარმეტყველებს შვიდწლიან შიმშილობას
1ელისემ უთხრა ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა: „ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.“
2და ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.
3შვიდი წლის დამლევს დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად.
4ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.“
5და როცა უამბობდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწება მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო! ეს ის ქალია! და ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა!“
6და გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. და მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: „დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.“
ელისე წინასწარმეტყველებს ხაზაელის არამში გამეფებას
7და მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. და მოახსენეს და უთხრეს: ღვთისკაციაო მოსული.
8და უთხრა მეფემ ხაზაელს: „აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს. და უფალთან ამკითხვინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?“
9და წავიდა ხაზაელი მისაგებებლად. და ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც კი საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი. და მივიდა, და წარუდგა მას და თქვა: „შენმა ძემ, ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?“
10და უთხრა ელისემ: „წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ მახილვინა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.“
11და მიაშტერა ელისემ სახე და დიდხანს იყო ასე, ვიდრე არ შეაშფოთა იგი, და ატირდა ღვთისკაცი.
12და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელის ძეთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.“
13და თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლი გდია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს?“ და თქვა ელისემ: „შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.“
14და წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. და უთხრა: „რა გითხრა ელისემ?“ თქვა: „მითხრა, გამოჯანმრთელდებაო.“
15და აიღო მეორე დღეს საბანი, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. და მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი.
იორამის გამეფება
16ისრაელის მეფის იორამ ახაბის ძის მეხუთე წელს, იუდას მეფის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე.
17ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
18ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
19მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მსახურის, გამო, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რომ მისცემდა ლამპარს მას მის შთამომავლობაში სამარადისოდ.
20მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
21და გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, და ეტლის მეთაურებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
22და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც.
23იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
ახაზიაჰუს გამეფება იუდაზე
24და განისვენა იორამმა თავის მამებთან და დაიმარხა თავის მამათა გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზიაჰუ გამეფდა.
25ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე.
26ოცდაორი წლისა იყო ახაზიაჰუ, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული.
27ახაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ახაბის სახლი, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო.
28და წავიდა იგი იორამ ახაბის ძესთან ერთად ხაზაელთან, არამის მეფესთან, საომრად გილყადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
29და მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში მოერჩინა ჭრილობა, არამელებმა რომ მიაყენეს რამაში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. და ჩამოვიდა ახაზიაჰუ იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ ახაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.

Currently Selected:

4მეფ. 8: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in