4მეფ. 10
10
სამსჯავრო ახაბის სახლზე
1ახაბს სამოცდაათი შვილი ჰყავდა სამარიაში. და დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და ახაბის შვილების გამზრდელებს. წერდა:
2„ახლა, როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.
3ჰოდა, ამოირჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, და დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.“
4და დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: „აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?“
5და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.“
6და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.“ უფლისწულები – სამოცდაათი კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.
7როცა წერილი მოუვადათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – სამოცდაათი კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს მას.
8და მივიდა მოციქული და მოახსენა: „მოიტანეს უფლისწულთა თავები.“ და თქვა: „ორ გროვად დაყარეთ დილამდე კარიბჭის შესასვლელთან.“
9დილა იყო, რომ გამოვიდა, დადგა და უთხრა მთელ ხალხს: „თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა?
10ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს ახაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.“
11და ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები, არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.
იუდას მთავართა განადგურება
12და ადგა და წავიდა და მივიდა სამარიაში. გზაში, ბეთ-ყეკედთან, მწყემსთა ბინებთან
13შეხვდა იეჰუ იუდას მეფის, ახაზიაჰუს, ძმებს და თქვა: „ვინა ხართ?“ და თქვეს: „ახაზიაჰუს ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.“
14და თქვა: „ცოცხლად შეიპყარით.“ შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს ბეთ-ყეკედში, ორმოცდაორი კაცი, ერთიც არ დარჩენილა მათგან ცოცხალი.
15და წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რეხაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა. მიესალმა და უთხრა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?“ და თქვა იონადაბმა: „წრფელია“. „წრფელია და მომეცი ხელი.“ და მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.
16და თქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი“ და დასვეს ეტლზე.
17და მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა ახაბს სამარიაში. და ბოლომდე გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.
18და შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: „ცუდად ემსახურებოდა ახაბი ბაყალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს.
19ახლა შემიყარეთ ბაყალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაყალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი.“ ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაყალის თაყვანისმცემლები.
20და თქვა იეჰუმ: „გამოაცხადეთ ბაყალის დღესასწაული“, და გამოაცხადეს.
21და დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში და მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. და შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე გაივსო ბაყალის სახლი.
22და უთხრა სამოსლის მცველს იეჰუმ: „გამოუტანე სამოსელი ბაყალის ყველა მსახურს.“ მანაც გამოუტანა შესამოსელი.
23და შევიდა იეჰუ იონადაბ რეხაბის ძესთან ერთად ბაყალის სახლში და უთხრა ბაყალის მსახურებს: „მიათვალ-მოათვალიერეთ, რომ არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაყალის მსახურები უნდა იყოთ აქ.“
24შეუდგნენ მსხვერპლისა და სრულადდასაწველის შეწირვას. და გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: „იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.“
25და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.“ და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი ბაყალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.
26და გამოიტანეს ბაყალის სახლიდან ბაყალის ქანდაკებები და დაწვეს.
27და დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკი, და დაანგრიეს ბაყალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე.
28ასე გადააშენა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან.
29ოღონდ იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებისათვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბორებისათვის, ბეთელსა და დანში რომ იყო.
30და უთხრა უფალმა იეჰუს: „იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე ახაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.“
31მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის, რჯულს. არ დაუნებებია თავი იერობყამის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცთუნა მან ისრაელი.
ისრაელის დასუსტება
32იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის. და სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვრებში,
33იორდანედან მზის აღმოსავლეთით, გილყადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყაროყერიდან არნონის ხეობაში რომ არის, გილყადი და ბაშანი.
34და იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
35და განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან. და დამარხეს სამარიაში, და მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა.
36სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.
Currently Selected:
4მეფ. 10: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002