YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 7

7
ელისეს წინასწარმეტყველება
1და თქვა ელისემ: „ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ‘ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცებული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.’“
2და მიუგო კარისკაცმა, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა ღვთისკაცს: „აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ და თქვა ღვთისკაცმა: „აჰა, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.“
3ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს?
4თუ ვიტყვით: ‘წავიდეთ ქალაქში’, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით; თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ; თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი, თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.“
5და ადგნენ დაბინდებისას, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. და მიადგნენ არამელთა ბანაკს და აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.
6უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისათვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. და უთქვამთ ერთმანეთისთვის: „ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.“
7და ამდგარან და გაქცეულან დაბინდებისას, მიუტოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.
8და მიადგნენ ეს კეთროვნები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. და ჭამეს და სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. და მობრუნდნენ და სხვა კარავში შევიდნენ. და იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.
9და უთხრეს ერთმანეთს: „ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე სასიხარულო უწყეების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამოდი, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.“
10და მივიდნენ და გამოიძახეს კარიბჭის მცველები და უამბეს: „არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა. მხოლოდ ცხენები დაგვხვდა დაბმული, და კარვები ხელუხლებლად.“
11და დაუძახეს მათ მცველებს და მათაც მიიტანეს, ამბავი მეფის სახლში.
12და ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მსახურთ: „გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. და ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ. ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრონ და ქალაქში შემოიჭრნენ.“
13მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და თქვა: „გამოიყვანონ ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი. აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია. გავგზავნოთ და ვნახოთ.“
14და გაიყვანეს ორი წყვილი ცხენი ეტლში შებმული. და გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: „წადით და ნახეთ.“
15და იორდანემდე მიჰყვნენ მათ, და აჰა, მთელი გზა მოფენილია სამოსლითა და ნივთებით, არამელებს რომ დასცვენოდათ ფაციფუცში. და გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
16და გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.
17კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე.
18ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: „ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც – ერთი შეკელი ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან.“
19და მიუგო მაშინ კარისკაცმა და თქვა: „აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი?“ ღვთისკაცმა კი მიუგო: „შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.“
20და ასეც აუხდა. და გადათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.

Currently Selected:

4მეფ. 7: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in