4მეფ. 24
24
იეჰოიაკიმი ხარკს უხდის ნაბუქოდონოსორს
1მის დღეებში გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მსახური სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
2მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ბრბოებს, და შეუსევდა იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით.
3უფლის ნებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა, მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო,
4და იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, და არ ინება უფალმა მისი პატიება.
5იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
იეჰოიაკიმის სიკვდილი და იეჰოიაქინის გამეფება
6განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, იეჰოიაქინი, გამეფდა.
7და მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა, ეგვიპტის მდინარე ეფვრატამდე,
8თვრამეტი წლისა იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
9ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი აკეთებდა.
10ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მოლაშქრეები იერუსალიმისაკენ და შემოადგნენ ქალაქს.
ბაბილონის პირველი ტყვეობა
11და მოადგა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული.
12და გავიდა იეჰოიაქინი, იუდას მეფე, ბაბილონის მეფესთან, და გავიდნენ დედამისიც, მისი მსახურნიც და დიდებულებიც, და კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ თავისი მეფობის მერვე წელს.
13და გაზიდა იქიდან უფლის სახლის საგანძური და მეფის სახლის საგანძური, და დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გააკეთა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, უფლის ტაძარში.
14და აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი, – ათი ათასი კაცი იყო აყრილი, – ყველა ხურო და მჭედელი, არავინ დარჩენილა, მდაბიორთა გარდა.
15და გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს, და მეფის დედა, და მეფის ცოლები, და მისი კარისკაცები, და ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
16მეომრები – შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები – ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
ციდკიაჰუს გამეფება
17და დასვა მეფედ ბაბილონის მეფემ [იეჰოიაქინის] ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა.
18ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან,
19ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი აკეთებდა.
20და მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. და განუდგა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.
Currently Selected:
4მეფ. 24: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002