YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 25

25
იერუსალიმის გარემოცვა და ბაბილონის მეორე ტყვეობა
1თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს, წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქუდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ და შემოადგა მას და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.
2და იყო ალყაში ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.
3თვის მეცხრე დღეს გამძვინვარდა შიმშილი ქალაქში, და არ ჰქონდა პური ხალხს.
4და გატყდა ქალაქი და გაიქცნენ ღამით ორ კედელს შუა, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუმ მიმართა ყარაბასკენ მიმავალ გზას.
5და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს, და მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე და მთელი ლაშქარი გაეფანტა მას.
6და შეიპყრეს მეფე და მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, და მსჯავრი დასდეს:
7თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.
8მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეცხრამეტე წელი, მოვიდა ნებუზარდანი – ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში,
9და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
10და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა.
11ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ სხვადასხვა ჭრელ ხალხთან ერთად აჰყარა ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა.
12და ნაწილი ქვეყნის ხალხისა მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა.
13და სპილენძის სვეტები, უფლის სახლში რომ იდგა, და კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა, დალეწეს ქალდეველებმა და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.
14ქვაბები, აქანდაზები, მაშები, კოვზები, სპილენძის ყველა ჭურჭელი, ღვთისმსახურებისას რომ იყენებდნენ, გაზიდეს.
15სასაკმევლეები და სასხურებლები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, ქონდაქართუხუცესმა წაიღო.
16წყვილი სვეტიც, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის – აუწონავი იყო სპილენძი, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული.
17თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე, ზედ სპილენძის გვირგვინი ჰქონდა. და სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე. ცხაური და ბროწეულები გვირგვინის გარშემო, ყველაფერი სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტი ცხაურიანად.
18და გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და ზღურბლის სამი მცველი.
19ქალაქიდან გამოიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, ხუთი კაცი, მეფის პირისმხილველნი, რომელნიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწერალი, რომელიც იწვევდა ჯარში ქვეყნის ხალხს, და ექვსასი კაცი ქვეყნის ხალხიდან, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ,
20და წაიყვანა ისინი ნებუზარდანმა – ქონდაქართუხუცესმა, და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.
21და დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დაახოცინა რიბლაში, ხამათის მხარეში. და აჰყარა იუდა თავისი ქვეყნიდან.
გედალიაჰუს მეფისნაცვლად დანიშვნა
22იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხზე კი, რომელიც დატოვა იქ ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, უფროსად დანიშნა გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
23და გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში. ესენი იყვნენ: იშმაყელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე, ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
24და შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მორჩილებისა, დასახლდით ქვეყანაში, და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და კარგი იქნება თქვენთვის.“
25მეშვიდე თვეს მოვიდა ისმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფეთა ნათესავი, ათი კაცითურთ, და მოკლა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, ვინც მიცფაში ახლდნენ მას.
26და ადგა მთელი ხალხი დიდიან პატარიანად და მხედართმთავრები, და ეგვიპტეში გადაიხვეწნენ ქალდეველების შიშით.
27იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის თავზე, მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, საპყრობილიდან იპატივა იეჰოიაქინი, იუდას მეფე.
28და კეთილად ელაპარაკა და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც ბაბილონში ჰყავდა მას.
29და გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა იგი პურს მთელი სიცოცხლე.
30და სამუდამო იყო მისი სარჩო და ეძლეოდა მეფისაგან ყოველდღიურად, მთელი სიცოცხლე.

Currently Selected:

4მეფ. 25: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in