4მეფ. 23
23
კანონის გამოქვეყნება
1და შეუთვალა მეფემ და შეკრიბეს მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი.
2და ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყველა მცხოვრები მასთან ერთად, და მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს.
3და შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის მცნებებს, მის მოწმობებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. და მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა.
მეფე იოშიას რეფორმები
4და გამოატანინა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაყალისთვის, აშერასათვის და მთელი ციური მხედრობისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.
5და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში და ბაყალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და მთელი ციური მხედრობისთვის გუნდრუკის მკმეველნი.
6და გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კიდრონის ხევისკენ, და დაწვა კიდრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა.
7და დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას.
8და გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბეერ-შებაყამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი – ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ.
9თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ ძმებთან ერთად.
10და წაბილწა თოფეთი, ჰინომის ძეთა ველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ძე ან ასული.
11და გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში, შესასვლელის წინ, ჯარისკაც ნათან-მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის. მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
12სამსხვერპლოებიც ახაზისეული სამყოფელის ბანზე, იუდას მეფეებმა რომ აღმართეს, და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კიდრონის ხევში ჩაყარა მათი ფერფლი.
13და წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, მეფემ რომ მოუწყო ყაშთორეთს – ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს – მოაბის სიბილწეს, და მილქომს – ყამონის ძეთა სისაძაგლეს.
14და დალეწა სვეტები და გაჩეხა აშერები, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი.
15ასევე დაანგრია ბეთელის სამსხვერპლო, იერობყამ ნაბატის ძის, ისრაელის მაცთუნებლის, მოწყობილი გორაკი; და ცეცხლს მისცა გორაკი და გააცამტვერა, და დაწვა აშერა.
16და გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო, და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, და სამსხვერპლოზე დააწვევინა, და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები.
17და თქვა: „ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ?“ და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს.“
18და თქვა: „მოასვენეთ, ნურვინ დასძრავს მის ძვლებს.“ ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები.
19ასევე გორაკთა ყველა სახლი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში.
20სამსხვერპლოებზე დაკლა გორაკთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო, ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა.
ბრძანება პასექის შესრულებაზე
21და უბრძანა მეფემ მთელს ერს: „მოუმზადეთ პასექი უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში სწერია,
22რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს, და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში.“
23მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს მომზადდა ეს პასექი უფლისათვის იერუსალიმში.
24ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკიაჰუ მღვდელმა.
25არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი.
26მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე. ყველა წყენის გამო, რაც მენაშემ აწყენინა მას.
27და თქვა უფალმა: „იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე. არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი: ‘აქ იქნება ჩემი სახელი.“
იოშიას სიკვდილი
28იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ მდინარე ევფრატზე. და გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად, და მოკლა იგი ფარაონმა მეგიდოში, დანახვისთანავე.
30და წაასვენეს იგი მისმა მსახურებმა მეგიდოდან იერუსალიმში და მის სამარხში დამარხეს. და გამოიყვანა ქვეყნის ხალხმა იეჰოახაზ იოშიას ძე, და სცხო ზეთი და მამამისის ნაცვლად გაამეფეს.
იეჰოახაზის გამეფება
31ოცდასამი წლისა იყო იეჰოახაზი, როცა გამეფდა და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
32ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ.
33და დააკავა იგი ფარაონმა ნექომ რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, რომ იერუსალიმში არ ემეფა, და დააკისრა ქვეყანას ასი ქანქარი ვერცხლი და ერთი ქანქარი ოქრო.
იეჰოიაკიმის გამეფება
34და გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე მამამისის, იოშიას, ნაცვლად და დაარქვა სახელად იეჰოიაკიმი. და ადგა იეჰოახაზი და წავიდა ეგვიპტეს და იქ მოკვდა.
35ოქრო-ვერცხლს აძლევდა იეჰოიაკიმი ფარაონს, ოღონდ ქვეყანაზე გაანაწილა ფარაონის ბრძანებისამებრ მისაცემი ვერცხლი. ქვეყნის ხალხში თითოეულს მისი შეძლების მიხედვით დააკისრა ფარაონ ნექოსათვის მისაცემი ვერცხლი.
36ოცდახუთი წლისა იყო იეჰოიაკიმი, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ზებუდა, ფედაიას ასული, რუმადან.
37ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მისი მამები აკეთებდნენ.
Currently Selected:
4მეფ. 23: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002