4მეფ. 22
22
იოშიაჰუს მეფობა
1რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათიდან.
2სწორს აკეთებდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის, გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ.
3მეფე იოშიაჰუს მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიაჰუს ძე, და დააბარა;
4„ადი ხილკიაჰუსთან, მღვდელმთავართან, და დაათვლევინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან.
5ხელში ჩააბარონ სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად:
6დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს. და იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად.
7ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან.“
8და უთხრა ხილკიაჰუ მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: „რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში.“ მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან.
9და მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. და უთხრა: „გადმოყარეს შენმა მსახურებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.“
10და ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: „წიგნი მომცა მღვდელმა ხილკიაჰუმ.“ და წაიკითხა მეფის წინაშე,
11და როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი.
12უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მსახურს:
13„წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი.“
14და მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა, და დაელაპარაკნენ მას.
15უთხრა ქალმა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ,
16ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს,
17რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ ჩაქრება.’
18იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ‘ასე ამბობს-თქო, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები,
19რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებთ, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, – ბრძანებს უფალი. –
20ამიტომაც, აჰა, წაგიყვანს შენს მამებთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო იმ ადგილს.’“ და მიუტანეს მეფეს ამბავი.
Currently Selected:
4მეფ. 22: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002