4მეფ. 21
21
მენაშეს გამეფება
1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდაათი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.
2ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელის ძეთაგან.
3და ისევ ააგო გორაკები, ხიზკიაჰუმ, მამამისმა, რომ მოსპო; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს, და გააკეთა აშერა, როგორც ახაბ, ისრაელის მეფეს, ჰქონდა გაშენებული. და თაყვანს სცემდა მთელს ციურ მხედრობას და ემსახურებოდა მათ.
4და ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: „იერუსალიმში დავდებ ჩემს სახელს.“
5და აუშენა სამსხვერპლოები მთელ ციურ მხედრობას უფლის სახლის ორსავე ეზოში.
6და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად.
7და გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: „ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს;
8აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამებს, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, მოსემ, ჩემმა მსახურმა, რომ დაუწესა მათ.“
9მაგრამ არ ისმინეს, და აცთუნა ისინი მენაშემ და იმ ხალხებზე მეტ ბოროტს აკეთებდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელის ძეთა პირისაგან.
10და ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა, პირით:
11„იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა ბოროტის ქმნაში ამორეველებს, მასზე უწინ რომ იყვნენ, და იუდაც აცთუნა თავისი კერპებით,
12ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს.
13სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, და პირწმინდად ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს.
14და მივატოვებ ჩემი წილხვედრის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, და საძარცვავად და დასატაცებლად შეიქმნებიან მათი მტრებისთვის.
15რადგან ბოროტს აკეთებდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოკიდებული, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.’“
16და უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ისე რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ აცთუნა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა.
17მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
18და განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. და მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
ამონის გამეფება
19ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში, მისი დედა იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბადან.
20ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, მენაშე, აკეთებდა.
21და ყველაფერში იმ გზას ადგა, რომლითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა.
22და დაივიწყა უფალი, თავისი მამების ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა.
ამონის სიკვდილი
23აუჯანყდნენ ამონს მისი მსახურები და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე.
24დახოცა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ აჯანყებულნი. და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა ქვეყნის ერმა.
25ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
26და დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში, და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია, გამეფდა.
Currently Selected:
4მეფ. 21: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002