4მეფ. 20
20
ხიზკიას დასნეულება და გამოჯანმრთელება
1იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ, და მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები და ვერ გადარჩები.’“
2კედლისკენ მიაბრუნა პირი და შეევედრა უფალს:
3„უფალო! გაიხსენე, წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში!“ და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4შუა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა:
5„გაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ერის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო დავითის, მამაშენის, ღმერთი: ‘შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი, და აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში.
6და კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, და დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მსახურის, გულისთვის.’“
7და თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი.“ და მოიტანეს და წყლულზე დაადეს, და განიკურნა.
8და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „რა იქნება იმის ნიშნად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?“
9და თქვა ესაიამ: „ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ‘ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?’“
10და თქვა ხიზკაიაჰუმ: „ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა. არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!“
11და შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.
ხიზკიას გაუფრთხილებლობა
12ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკიაჰუ.
13და მოუსმინა მათ ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა მის სახლში და მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა მათთვის ხიზკიაჰუს.
14და მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: „რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან?“ და თქვა ხიზკიაჰუმ: „შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.“
15და თქვა: „რა ნახეს შენს სახლში?“ და თქვა ხიზკიაჰუმ: „ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.“
16და უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: „ისმინე უფლის სიტყვა:
17‘აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამებს დღემდე მოუხვეჭავთ, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, – ამბობს უფალი. –
18და წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.’“
19და უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: „კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოსთქვი.“ და თქვა: „იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.“
20ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21და განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან. და მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.
Currently Selected:
4მეფ. 20: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002