YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 16

16
ახაზის მეფობა იუდაში
1ფეკახ რემალიაჰუს ძის მეჩვიდმეტე წელს გამეფდა ახაზი, იუდას მეფის იოთამის ძე.
2ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ აკეთებდა სწორს უფლის, თავისი ღვთის, თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი.
3და დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ.
არამელთა თავდასხმა
5მაშინ აღდგნენ რეცინი, არამის მეფე, და ისრაელის მეფე ფეკახ რემალიაჰუს ძე იერუსალიმის წინაააღმდეგ საომრად, მოიმწყვდიეს ახაზი ალყაში, მაგრამ ვერ სძლიეს მას.
6იმხანად დაუბრუნა რეცინმა, არამის მეფემ, ელათი არამს და აჰყარა იუდაელები ელათიდან. და ედომელები შევიდნენ ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ.
7და გაუგზავნა ახაზმა თიგლათ-ფილესერს, აშურის მეფეს, მოციქულები და შეუთვალა: „შენი მსახური და შენი შვილი ვარ მე. მოდი და მიხსენი არამის მეფისა და ისრაელის მეფისგან, რომელნიც აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ.“
8და აიღო ახაზმა ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოებოდა და ძღვნად გაუგზავნა აშურის მეფეს.
9და ისმინა მისი აშურის მეფემ და მოადგა აშურის მეფე დამასკოს, აიღო იგი და ხალხი კირაში გადაასახლა, ხოლო რეცინი მოკლა.
10და წავიდა მეფე ახაზი აშურის მეფის, თიგლათ-ფილესერის, მისაგებებლად დამასკოში, და ნახა სამსხვერპლო, დამასკოში რომ იყო, და გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს ნახატი და მთელი ნაგებობის გეგმა.
11და ააშენა ურია მღვდელმა სამსხვერპლო. როგორც შეუთვალა მეფე ახაზმა დამასკოდან, ისე გააკეთა ყველაფერი ურია მღვდელმა მეფე ახაზის დაბრუნებამდე დამასკოდან.
12და დაბრუნდა მეფე დამასკოდან და იხილა მეფემ სამსხვერპლო, და მიეახლა მეფე სამსხვერპლოს და მიიტანა მსხვერპლი.
13და დაწვა სრულადდასაწველი და პურეულის შესაწირავი, და დაღვარა საღვრელი, და თავისი სამშვიდობო მსხვერპლის სისხლი ასხურა სამსხვერპლოს.
14სპილენძის სამსხვერპლო კი, უფლის წინაშე რომ იდგა, გადაანაცვლა ტაძრის წინა მხრიდან, სამსხვერპლოსა და უფლის სახლის შუა ადგილიდან, და მოათავსა სამსხვერპლოს გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს.
15და უბრძანა მეფე ახაზმა ურია მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე დაწვი დილის სრულადდასაწველი და საღამოს პურეულის ძღვენი, მეფის სრულადდასაწველი და მისი პურეულის ძღვენი, ქვეყნის მთელი ერის სრულადდასაწველი, მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელი. ყოველი სრულადდასაწველის სისხლი და ყოველი საკლავის სისხლი ასხურე მას. სპილენძის სამსხვერპლო კი ჩემი მისახედი იქნება.“
16ყველაფერი ისე გააკეთა ურია მღვდელმა, როგორც უბრძანა მას მეფე ახაზმა.
17და მოახლიჩა მეფე ახაზმა ფიცრები კვარცხლბეკებს და მოხსნა მათი საბანელი, და ჩამოიღო ზღვა სპილენძის ხარებიდან, რომლებზეც იდგა ის, და ქვის იატაკზე დადგა.
18საშაბათო ტალანი, ტაძართან რომ იყო აშენებული, და გარეთა სამეფო შესასვლელი უფლის ტაძრისკენ მოაქცია აშურის მეფის გულისთვის.
19ახაზის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20და განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაიმარხა მამათა გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ხიზკიაჰუ გამეფდა.

Currently Selected:

4მეფ. 16: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in