YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 14

14
ომი იუდასა და ისრაელს შორის
1ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის მეორე წელს გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2ოცდახუთი წლისა იყო, რომ გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.
3აკეთებდა სწორს უფლის თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი მამა დავითი. ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იოაში, მამამისი.
4ოღონდ გორაკები არ იყო ჯერ კიდევ გაუქმებული. და გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
5და როცა ხელში გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომელთაც მოკლეს მეფე, მისი მამა.
6მკვლელების შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: „არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო, და შვილები მამათა გამო არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოკვდეს.“
7მან სძლია ედომელებს მარილოვან ველზე, ათი ათას კაცს, და ბრძოლით აიღო სელაყი და უწოდა სახელად იოკთეელი, როგორც დღემდე რჩება.
8მაშინ გაუგზავნა ამაციამ მოციქულები იოაშს, იეჰოახაზ იეჰუს ძის ძეს, ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: „მოდი, შევხვდეთ პირისპირ.“
9და შეუთვალა იოაშ ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: „ლიბანის ეკალმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ‘ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს.’ მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა ეკალი.
10დაგიმარცხებია ედომი და გადიდგულებულხარ. ღირსეულად გეჭიროს თავი და შენთვის იჯექი სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც – შენთან ერთად.“
11და ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ. მაშინ გამოვიდა იოაშ ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ, ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
12და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ.
13ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
14და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.
15იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რომ ესხმოდა ამაციაჰუს, იუდას მეფეს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაიმარხა სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით, და მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
ამაციაჰუს სიკვდ
17ისრაელის მეფის იოაშ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
18ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19აუჯანყდნენ მას იერუსალიმში და თავი შეაფარა მან ლაქიშს. და მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
20და წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს იერუსალიმში თავის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში.
ყაზარია იღებს ამაციაჰუს მემკვიდრეობას
21გამოიყვანა იუდას მთელმა ხალხმა ყაზარია, თექვსმეტი წლის ყმაწვილი, და მამამისის, ამაციაჰუს, ნაცვლად გაამეფეს.
22მან აღადგინა ელათი და დაუბრუნა იუდას. მერე განისვენა მეფემ თავის მამებთან.
იერობყამის გამეფება ისრაელზე
23იუდას მეფის ამაციაჰუს, იოაშის ძის, მეთხუთმეტე წელს გამეფდა იერობყამი, იოაშის ძე, ისრაელის მეფე, სამარიაში და იმეფა ორმოცდაერთი წელი.
24ბოროტს აკეთებდა იგი უფლის თვალში და არ მიუტოვებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვები, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
25მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან ყერაბას ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის ხელით.
26რადგან დაინახა უფალმა ისრაელის გაჭირვება, ძალზე მწარე. და არ დარჩენილა არც ყმა და არც აზატი, და არ ჰყავდა შემწე ისრაელს.
27და არ ინება უფალმა ისრაელის სახსენებლის ამოძირკვა ცისქვეშეთიდან და იერობყამ იოაშის ძის ხელით იხსნა იგი.
28იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, რომ იბრძოდა და ისრაელს დაუბრუნა იუდას კუთვნილი დამასკო და ხამათი, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
29და განისვენა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან, და მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.

Currently Selected:

4მეფ. 14: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in