4მეფ. 13
13
იეჰოახაზი – ისრაელის მეფე
1იუდას მეფის, იოაშ ახაზიაჰუს ძის, ოცდამესამე წელს გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და [იმეფა] ჩვიდმეტი წელი.
2და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში და მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვების კვალს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, და არ განრიდებია მას.
3და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს; და ბენ ჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით.
4და შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელის ძეთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე.
5და მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი, და დააღწიეს თავი არამის ბატონობას, და იწყეს ცხოვრება ისრაელის ძეთ თავ-თავის კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ ცხოვრობდნენ.
6ოღონდ არ განრიდებიან იერობყამის სახლის ცოდვებს, რომელმაც აცთუნა ისრაელი, მისდევდნენ მათ და ხემხვივანებიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.
7ორმოცდაათი ცხენოსანი, ათი საომარი ეტლი და ათი ათასი ქვეითიღა შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით დასათრგუნი გახადა.
იეჰოახაზის სიკვდილი
8იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა და მისი გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
9და განისვენა იეჰოახაზმა თავის მამებთან და დამარხეს იგი სამარიაში. და მის ნაცვლად მისი ძე იოაში გამეფდა.
10იუდას მეფის, იოაშის ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.
11ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, არ მიუტოვებია ცოდვები იერობყამ ნაბატის ძისა, რომელმაც აცთუნა ისრაელი, არამედ მისდევდა მათ.
12იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, მისი გმირობანი, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
13და განისვენა იოაშმა თავის მამებთან და დაჯდა მის ტახტზე იერობყამი. და იოაში სამარიაში დაიმარხა ისრაელის მეფეთა გვერდით.
ელისეს სიკვდილი
14და დასნეულდა ელისე და მოკვდა კიდეც ამ სენისგან. და ჩავიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, თავზე დასტიროდა და ეუბნებოდა: „მამავ, მამავ, ისრაელის ეტლო და მხედრობავ!“
15და უთხრა ელისემ: „აიღე მშვილდ-ისარი,“ მანაც აიღო მშვილდ-ისარი.
16და უთხრა ისრაელის მეფეს: „დააადე ხელი მშვილდს“, მანაც დაადო ხელი. და ელისემ მეფის ხელზე დააწყო თავისი ხელები.
17და თქვა: „გააღე აღმოსავლეთის სარკმელი.“ და გააღო. და თქვა ელისემ: „სტყორცნე.“ და სტყორცნა. და თქვა: „ძლევის ისარი უფლისაგან და ძლევის ისარი არამისკენ. სძლევ არამს აფეკში საბოლოოდ.“
18თქვა: „აიღე ისრები.“ და აიღო. და უთხრა ისრაელის მეფეს: „დაჰკარი მიწას.“ სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.
19და გაუბრაზდა ღვთისკაცი და უთხრა: „ხუთგზის ან ექვსგზის რომ დაგეკრა. საბოლოოდ სძლევდი არამს. ახლა სამგზის სძლევ არამს.“
20და მოკვდა ელისე და დამარხეს იგი. და მოაბის მოთარეშენი დაეცნენ ქვეყანას წლის დამდეგს.
21ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში, და როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.
22ხაზაელი, არამის მეფე, აჭირვებდა ისრაელის ძეთ იეჰოახაზის მეფობის მთელს ხანში.
23და შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა, და მოხედა მათ აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო, და არ ინება მათი მოსპობა. და თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე.
24და მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე, და მის ნაცვლად მისი ძე ბენ-ჰადადი გამეფდა.
25და უკანვე დაიბრუნა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძისგან ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამგზის სძლია მას იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.
Currently Selected:
4მეფ. 13: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002