YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 12

12
იოაშის გამეფება
1იეჰუს მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბია, ბეერ-შებაყიდან.
2სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.
3ოღონდ გორაკები არ ყოფილა გაუქმებული. გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4და უთხრა იოაშმა მღვდლებს: „მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ბრუნვაში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილისამებრ შემოაქვთ უფლის სახლში,
5აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ.“
6და როცა მეფე იოაშის ოცდამესამე წელს მაინც არ ჰქონდათ შეკეთებული მღვდლებს, რაც შესაკეთებელი იყო სახლში,
7დაუძახა მეფე იოაშმა იეჰოიადაყ მღვდელს და სხვა მღვდლებს და უთხრა: „რატომ არ შეგიკეთებიათ სახლი? მეტად ნუღარ აიღებთ თქვენ-თქვენი ნაცნობებისგან ვერცხლს, არამედ სახლის შესაკეთებლად მიეცით ის.“
8და შეთანხმდნენ მღვდლები, აღარ აეღოთ ვერცხლი სახლის შესაკეთებლად.
9და აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. და იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ვერცხლს.
უფლის სახლის განმტკიცება
10და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს.
11და ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს – უფლის სახლში მომუშავეთ,
12ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკათებლად და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო.
13ოღონდ უფლის სახლისთვის საჭირო ვერცხლის თასები, მაშები, სასხურებლები, საყვირები, ოქროსა და ვერცხლის ყოველგვარი ჭურჭელი არ მზადდებოდა უფლის სახლში შემოსული ვერცხლით,
14რადგან სამუშაოთა მწარმოებლებს ეძლეოდათ, რომ ამით შეეკეთებინათ უფლის სახლი.
15და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.
16დანაშაულის გამოსასყიდი ვერცხლი და ცოდვის გამოსასყიდი ვერცხლი არ შემოდიოდა უფლის სახლში. მღვდლებს ეკუთვნოდა იგი.
იოაშის სიკვდილი
17მაშინ გაემართა ხაზაელი, არამის მეფე, და გაილაშქრა გათის წინააღმდეგ და აიღო იგი. და იერუსალიმზე გალაშქრება განიზრახა ხაზაელმა.
18და აიღო იოაშმა, იუდას მეფემ, მთელი შემოწირულობა, რაც შემოწირული ჰქონდათ იოშაფატს, იორამს და ახაზიაჰუს – მის მამებს, იუდას მეფეებს, თავისი შემოწირულობაც და მთელი ოქროულობა, რაც კი იპოებოდა უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში, და გაუგზავნა ხაზაელს, არამის მეფეს. და ისიც გაეცალა იერუსალიმს.
19იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20და აღდგნენ მისი მსახურნი და შეითქვნენ მის წინააღმდეგ, და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას ჩასავალთან.
21მისმა მსახურებმა – იოზახარ შიმყათის ძემ და იჰოზაბად შომერის ძემ მოკლეს იგი. და მოკვდა და დამარხეს მის მამათა გვერდით, დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე ამაცია გამეფდა.

Currently Selected:

4მეფ. 12: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in