4მეფ. 11
11
მეფის ოჯახის დაღუპვა
1როცა დაინახა ღოთოლიამ, ახაზიაჰუს დედამ, რომ მოკვდა მისი შვილი, ადგა და ამოწყვიტა სამეფო მოდგმა.
2მაგრამ იეჰოშებაყმა, მეფე იორამის ასულმა, ახაზიაჰუს დამ, აიყვანა იოაში, ახაზიაჰუს ძე, და მოიპარა დასახოცად განწირულ უფლისწულთა შორის და მის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში დამალეს ღოთოლიასგან, და ვერ მოკლეს.
3ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად უფლის სახლში, ღოთოლია კი მეფობდა ქვეყანაზე.
4მეშვიდე წელს დაიბარა იეჰოიადაყმა მცველთა და მალემსრბოლთა ასისთავები და შეიყვანა ისინი უფლის სახლში. და აღთქმა მოსთხოვა მათ, და დააფიცა უფლის სახლში და აჩვენა უფლისწული.
5და უბრძანა: „აი, როგორ უნდა მოიქცეთ: თქვენგან მესამედმა, შაბათს მომსვლელთაგან, მეფის სასახლეში უნდა იყარაულოს.
6მესამედმა – სურის კარიბჭესთან, მესამედმაც – კარიბჭესთან, მალემსრბოლთა უკან რომ არის. მორიგეობით იყარაულეთ სასახლეში.
7თქვენგან ორმა მესამედმა, შაბათს გამომსვლელთაგან, უფლის სახლში უნდა იყარაულოს მეფის წინაშე.
8გარს შემოერტყით მეფეს იარაღით ხელში და, ვინც რიგებში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს მისი გამოსვლისას და შესვლისას.“
9ყველაფერი ისე გააკეთეს ასისთავებმა, როგორც დაარიგა მათ იეჰოიადაყ მღვდელმა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი – შაბათს მომსვლელნი, შაბათის გამსვლელებთან ერთად – და იეჰოიადაყ მღვდელთან მივიდნენ.
10და დაურიგა მღვდელმა ასისთავებს შუბები და ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში,
11და დადგნენ მალემსრბოლები იარაღით ხელში სახლის მარჯვენა ფრთიდან სახლის მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
12და გამოიყვანა უფლისწული, დაადგა შარავანდი და მისცა მოწმობა, და გაამეფეს და სცხეს ზეთი. ტაშს უკრავდნენ და ამბობდნენ: „იცოცხლოს მეფემ!“
ღოთოლიას დასჯა
13და შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი და გავიდა ხალხთან უფლის სახლში.
14და დაინახა სვეტზე მდგარი მეფე, წესისამებრ, და სარდლები და საყვირები მეფის გვერდით. მხიარულობს ქვეყნის ერი და საყვირებს ახმიანებენ. და შემოიგლიჯა სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: „ღალატია! ღალატი!“
15და უბრძანა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს – ჯარის მეთაურებს, და უთხრა: „გარეთ გაიყვანეთ ღოთოლია და ვინც უკან გაჰყვება, მახვილით მოკალით“, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.
16და გზა მისცეს და წავიდა „ცხენთა შესასვლელით“ სასახლისკენ, და იქ მოკლეს.
17და დადო იეჰოიადაყმა აღთქმა უფალს, მეფეს და ერს შორის, რათა საუფლო ერი ყოფილიყო, და ასევე მეფესა და ერს შორის.
18და შევიდა მთელი ქვეყნის ერი ბაყალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, და დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაყალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. და დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.
19და წამოიყვანა ასისთავები, სასახლის მცველები, მალემსრბოლები და ქვეყნის ერი და მათაც გამოიყვანეს მეფე უფლის სახლიდან. მცველთა შესასვლელით სამეფო სახლში მივიდნენ; და მეფეთა ტახტზე დაჯდა იგი.
20და გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს სამეფო სახლში.
Currently Selected:
4მეფ. 11: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002