3მეფ. 22
22
სამწლიანი მშვიდობა არამსა და ისრაელს შორის
1ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
2მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, წავიდა ისრაელის მეფესთან.
3და უთხრა ისრაელის მეფემ თავის მსახურთ: „ხომ იცით, რომ ჩვენია გილყადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.“
4და უთხრა იოშაფატს: „წამომყვები გილყადის რამოთისათვის საბრძოლველად?“ და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?“
5და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „აბა, დაეკითხე დღეს უფლის სიტყვას.“
6და შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი – ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: „გავილაშქრო გილყადის რამოთზე, თუ თავი შევიკავო?“ და თქვეს: „გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.“
7და თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მისი საშუალებით ვკითხოთ უფალს?“
8და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისათვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქაიეჰუ იმლას ძეა“. და თქვა იოშაფატმა: „ნუ ამბობს ასე, მეფევ.“
9და უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაიეჰუ იმლას ძე.“
10ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი შესამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
11და გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა: „ასე ამბობს უფალი: ‘ამით ურქენ არამს და ბოლოს მოვუღებ.’“
12ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: „მიუხდი გილყადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.“
მიქაიაჰუს წინასწარმეტყველება
13ასე ეუბნებოდა მიქაიეჰუს მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: „აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.“
14და თქვა მიქაიეჰუმ: „უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს“.
15და მივიდა მეფესთან, და უთხრა მეფემ: „მიქაიეჰუ, გავილაშქროთ გილყადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ?“ და უთხრა: „გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.“
16და უთხრა მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?“
17და თქვა: „ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: ‘პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში’“.
18და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.“
19და თქვა [მიქაიაჰუმ]: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
20და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გილყადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას.
21და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’
22და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში’. და თქვა [უფალმა]: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’
23აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“
24და მიეჭრა ციდკიაჰუ ქენაყანას ძე და ლოყაში გაარტყა მიქაიეჰუს, და თქვა: „როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?“
25და თქვა მიქაიეჰუმ: „კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებს სირბილს დასამალავად.“
26და თქვა ისრაელის მეფემ: „შეიპყარი მიქაიეჰუ და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს,
27და უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: ‘დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.’“
28და თქვა მიქაიეჰუმ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემი პირით.“ და თქვა: „მისმინეთ ყველამ, ხალხნო!“
ახაბი კვდება რამოთ გილყადის ბრძოლაში
29და წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გილყადის რამოთზე.
30და უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას.“ და გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
31და უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: „ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.“
32როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე, და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. და იყვირა იოშაფატმა.
33როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყო იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
34ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. და უთხრა თავის მეეტლეს: „გატრიალდი და მებრძოლებიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ“.
35გახურდა ომი იმ დღეს. და ეტლზე იდგა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. და წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში.
36და გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: „ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!“
37და მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას, და დამარხეს მეფე სამარიაში.
38და გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე, და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
39ახაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
ახაზიაჰუს გამეფება ისრაელში და იოშაფატისა იუდაში
40და განისვენა ახაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა ახაზიაჰუ, მისი ძე, მის ნაცვლად.
41იოშაფატ ასას ძე გამეფდა იუდაზე ახაბის, ისრაელის მეფის, მეოთხე წელს.
42ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა შილხის ასული.
43ყველაფერში მამამისის გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან, და სწორს აკეთებდა უფლის თვალში.
44ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა.
45ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.
46იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რაც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
47მემრუშე კაცთა ნატამალნი, მისი მამის ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან.
48მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო.
49ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ მიუღწევიათ, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები.
50მაშინ უთხრა ახაზია ახაბის ძემ იოშაფატს: „იარონ ჩემმა მსახურებმა შენს მსახურებთან ერთად ხომალდებით.“ და არ დაეთანხმა იოშაფატი.
51და განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში და გამეფდა იორამი, მისი ძე, მის ნაცვლად.
52ახაზია ახაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატის იუდას მეფის, მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი.
53ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, და დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობყამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
54და ემსახურებოდა ბაყალს და თაყვანს სცემდა მას, და განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, როგორც მამამისი აკეთებდა.
Currently Selected:
3მეფ. 22: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002