YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 1

1
მოაბელთა ამბოხება
1და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.
2და გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: „წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან?“
3უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და ეუბნე: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?’
4ამიტომ ამბობს ასე უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია.
5და დაბრუნდნენ მოციქულები მასთან და უთხრა მათ: „რისთვის დაბრუნდით?“
6და უთხრეს: „კაცი ამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“
7ეუბნა მათ: „როგორ გამოიყურება ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“
8და უთხრეს მას: „ბალანი მოსავს იმ კაცს და წელზე ტყავის სარტყელი არტყია.“ და თქვა: „ეს ელია თიშბელია.“
9და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მასთან, და აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე.“
10და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ.
11და კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ‘ჩამოდი სასწრაფოდ!’“
12და მიუგო ელიამ და ეუბნა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.“ და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მისი ორმოცდაათი კაცითურთ.
13და მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და ეუბნა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში.
14აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.“
15და ეუბნა უფლის ანგელოზი ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი.“ და ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან.
16და ეუბნა მას: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.’“
17და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც იუბნა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი გამეფდა იუდას მეფის იორამ იოშაფატის ძის მეორე წელს. რადგან მას ძე არ ჰყოლია.
18და ახაზიაჰუს დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

Currently Selected:

4მეფ. 1: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in