YouVersion Logo
Search Icon

3მეფ. 21

21
ახაბს სურს დაეუფლოს ნაბოთის ვენახს
1ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, ახაბის, სამარიის მეფის, სასახლის გვერდით.
2და ელაპარაკა ახაბი ნაბოთს და უთხრა: „დამითმე შენი ვენახი, საბოსტნედ მექნება. რადგან ჩემი სახლის გვერდითაა. სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ, ანდა, თუ გინდა, მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.“
3და უთხრა ნაბოთმა ახაბს: „უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე!“
4და წავიდა ახაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა: ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. და ჩაწვა თავის საწოლში და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია.
5და შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და დაელაპარაკა: „რამ დაგინაღვლიანა სული, რომ პურს არა ჭამ?“
6და უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი: ‘დამითმე შენი ვენახი ვერცხლად, ან, თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ.’ და თქვა: ‘არ მოგცემ ჩემს ვენახს.’“
7და უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: „ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე, და მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს“.
8და დაწერა წერილები ახაბის სახელით, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9ასე ჩაწერა წერილებში: „გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი.
10წინ დაუსვით ორი ბოროტი კაცი, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: ‘შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი!’ და გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს.“
11ისე გააკეთეს იმ ქალაქის კაცებმა – უხუცესებმა და წარჩინებულებმა, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12და გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი.
13და გამოვიდა ორი ბოროტი კაცი და წინ დაუსხდნენ. ცილი დასწამეს ამ ბოროტმა კაცებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. და გაიყვანეს ქალაქის გარეთ. ჩაქოლეს და მოკვდა.
14ასე შეუთვალეს იზებელს: „ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა.“
15როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა ახაბს: „ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენახს, რომ არ უნდოდა შენთვის მოეყიდა, რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია.“
16როცა გაიგო ახაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა ახაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაპატრონებოდა.
წინასწარმეტყველება ახაბის ბედზე
17და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ:
18„ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.’“
20და უთხრა ახაბმა ელიას: „მაინც მომაგენი, ჩემო მტერო!“ და თქვა: „მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტი გაგეკეთებინა უფლის თვალში.
21და აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს. ყველას, ვინც კი ჰყავს ახაბს კედელთან მიმშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში.
22ისე გავუკეთებ შენს სახლს, როგორც გავუკეთე იერობყამ ნაბატის ძის სახლს, ბაყაშა ახიას ძის სახლს, იმ ჯავრის გამო, რომ შეაცთუნე ისრაელი.“
23და იზებელზეც თქვა უფალმა: „ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან.
24და ვინც ქალაქში მოუკვდება ახაბს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
25ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც ახაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი.
26დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.“
27როცა გაიგონა ახაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. და მარხულობდა, და ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28და იყო უფლის სიტყვა ელია თიშბელის მიმართ:
29„ხომ ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოდრკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში. მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“

Currently Selected:

3მეფ. 21: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in