1ნეშტ. 18
18
დავითის სამეფოს განმტკიცება
1ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, და დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
2და დაამარცხა მოაბიც. და გახდა მოაბი დავითის მსახური და მოხარკე.
3და დაამარცხა დავითმა ჰადარ-ყეზერი, ცობას მეფე, ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა,
4და წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, ასი ეტლი დატოვა მათგან.
5და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარ-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს.
6და დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.
7და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარ-ყეზერის მსახურებს რომ ჰქოდნათ, და იერუსალიმში მიიტანა.
8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარ-ყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის ჭურჭელი.
9და შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარ-ყეზერს, და ცობას მეფეს,
10და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარ-ყეზერს და სძლია მას, რადგან თოყუს მოსისხლე იყო ჰადარ-ყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს – ედომს, მოაბს, ყამონის ძეთ, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
12აბიშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე,
13და დააყენა ედომში ხელისუფალნი და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
14და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
15იოაბი, ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა, ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
16ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო.
17ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
Currently Selected:
1ნეშტ. 18: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002