1ნეშტ. 19
19
ყამონელებთან ბრძოლა
1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონის ძეთა მეფე – ნახაშ ყამონის ძე – და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად.
2და თქვა დავითმა: „წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა“. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშოდ მამის გამო; და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთა ქვეყანაში, ხანუნთან, სანუგეშებლად.
3და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს: „დავიჯერო მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისათვის გამოგზავნა დავითმა თავისი მსახურნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?“
4და შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი და ნახევარი წვერი მოპარსა. წელამდე შემოაჭრა სანახევროდ სამოსელი და გაისტუმრა.
5და წავიდნენ. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. და უთხრა მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.“
6და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხანუნმა და ყამონის ძეთ ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.
7და იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით. და მივიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონის ძენი კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.
8და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქარითურთ.
9და გამოვიდნენ ყამონის ძენი და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელის ძეთა შორის ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
11დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბიშაის, ჩააბარეს და მანაც დააწყო იგი ყამონის ძეთა წინააღმდეგ.
12და თქვა: „თუ არამელები მე მძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
13გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღვთის ქალაქებისათვის. და უფალმა ქმნას, რაც ენებოს.“
14და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
15როცა ყამონის ძეთ დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონის ძეთ და მივიდა იერუსალიმში.
16და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან და კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადარ-ყეზერის სარდალი შოფახი.
დავითი სათავეში უდგება ლაშქარს
17და შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი. და გადალახა იორდანე, და მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას.
18და გაექცნენ არამელები ისრაელს. და დაუხოცა დავითმა არამელებს შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. და მათი სარდალი შოფახიც მოკლულ იქნა.
19როცა ჰადარ-ყეზერის მსახურებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონის ძეთა დახმარება.
Currently Selected:
1ნეშტ. 19: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002