1ნეშტ. 17
17
დავითი ემზადება ტაძრის ასაშენებლად
1როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ფარდებსქვეშ არის.“
2უთხრა ნათანმა დავითს: „ყოველივე, რაც გულში გაქვს, გააკეთე: რადგან შენთანაა უფალი.“
3იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
4„წადი, უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
5მე ხომ არ ვიმყოფებოდი სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელი გამოვიყვანე, და დღემდე, კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვარ.
6ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისათვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?’
ღმერთი ეცხადება დავითს
7ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ‘ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი.
8ყველგან შენთან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე. განვადიდე შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.
9ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
10იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ერს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
11და როცა დრო მოვა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომ შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
12ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე,
13მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
14და დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში უკუნისამდე, მყარი იქნება მისი ტახტი უკუნისამდე,“
15თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
დავით მეფის ლოცვა
16და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო? ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე?
17ესეც მცირე გეჩვენა თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვამ დაპირებას შენი მსახურის სახლს. შენ მიმზერ, როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო.
18კიდევ რა უდნა გითხრას დავითმა, შენი მსახურის დიდებისათვის? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო.
19უფალო, შენი მსახურისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე.
20უფალო, არავინაა შენი მსგავსი. არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
21თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან?
22შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.
23ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მსახურზე და მის სახლზე, განმტკიცდეს უკუნისამდე, და ქენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
24განმტკიცდეს და იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე. თქვან: ‘უფალი, ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე!’ მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მსახურის დავითის სახელი,
25რადგან შენ გამოუცხადე, ღმერთო, შენს მსახურს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მსახურს ელოცა შენს მიმართ.
26ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და სასიკეთოდ ელაპარაკე შენს მსახურს.
27ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.“
Currently Selected:
1ნეშტ. 17: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002