1ნეშტ. 16
16
საზეიმო ღვთისმსახურება
1მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
2და მოამთავრა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი.
3და ჩამოურიგა ისრაელის მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა.
4და დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
5ასაფი, მათი მეთაური, მისი მომდევნონი: ზაქარია, იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იყიელი – ბობღნებსა და ქნარებზე. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელად.
6მღვდლები: ბენაიჰუ და იახაზიელი კი საყვირებზე მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ.
7შემდეგ, იმ დღეს, შეასხა დავითმა პირველად ქება უფალს ასაფისა და მისი ძმების ხელით:
8„ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
9უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
10დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მეძიებელთა.
11ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
12გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
13შთამომავალნო ისრაელისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
14ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი. მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
15ახსოვს საუკუნოდ აღთქმა თვისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობისთვის,
16რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი – ისაკთან.
17და დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს – საუკუნო აღთქმად.
18უთხრა: ‘შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.’
19როცა ისინი, თითზე ჩამოსათვლელნი, ცოტანი და იქ შეხიზნულნი.
20იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან – სხვა ერთან,
21არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და მიუთითა მათზე მეფეებს:
22‘არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.’
23უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
24მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
25რადგან დიდია უფალი ყველა ღმერთზე საშიშია ის.
26რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.
27მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში.
28შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
29შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
30ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
31გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: ‘უფალი მეფობს!’
32იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა,
33მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
34აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
35და თქვით: ‘გვიხსენი, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა დავიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნო შენი ქება-დიდებით’.
36კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე.“ და მიუგო ერმა: „ამენ! დიდება უფალს!“
37და დატოვა დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიოთ მუდმივად, ყოველდღიურად,
38და ყობედ-ედომი და მისი ძმები – სამოცდარვანი. ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,
39მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
40რომ მუდამ, დილა-საღამოობით, სრულადდასაწველი აღევლინათ უფლისათვის სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
41მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
42მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთენის ძენი კი კარიბჭესთან.
43ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. და დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.
Currently Selected:
1ნეშტ. 16: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002