YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 15

15
დავითის ბრძანებით იერუსალიმში გადააქვთ კიდობანი
1და აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში. და მოამზადა ადგილი ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
2მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და სამარადისო მსახურებად.“
3და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4და შეყარა დავითმა აარონის ძენი და ლევიანები.
5კეჰათის ძეთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი – ასოცი,
6მერარის ძეთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი – ორასოცი კაცი,
7გერშომის ძეთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები – ასოცდაათი კაცი,
8ელიცაფანის ძეთაგან: სარდალი შემაყია და მისი ძმანი – ორასნი,
9ხებრონის ძეთაგან: სარდალი ელიელი და მისი ძმანი – ოთხმოცნი,
10ყუზიელის ძეთაგან: სარდალი ყამინდაბი და მისი ძმანი – ასთორმეტნი;
11და მოუხმო დავითმა მღვდლებს: ცადოკსა და აბიათარს და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს,
12და უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი ძმანი, და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
13რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისიმებრ არ ვეკითხებოდით მას.“
14და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი.
15და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
16დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
17და დააყენეს ლევიანებმა: ჰემან იოელის ძე, მის ძმათაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი ძმების – მერარის ძეთაგან ეთან კუშაიჰუს ძე.
18მათთან ერთად მათი ძმანი, მეორე რიგის: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი. ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი – კარისმცველნი,
19მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
20ხოლო ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიჰუ – ქნარს ქალწულურ ჰანგზე.
21ხოლო მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ – ებნებს, რვასიმიანს, სალოტბაროდ.
22ხოლო ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.
23ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.
24ხოლო მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიჰუ და ელიეზერი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
25და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსასვენებლად ყობედ-ედომის სახლიდან.
კიდობნის გადასვენება დავითის ქალაქში
26ღვთის შეწევნით იყო რომ გადაასვენეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ვერძი შესწირეს
27დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა და ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიასვენებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.
28მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
29და როცა უფლის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და გულში დასცინა.

Currently Selected:

1ნეშტ. 15: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in