YouVersion Logo
Search Icon

1ნეშტ. 11

11
დავითის გამეფება
1მოვიდა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.
2გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა, გითხრა: ‘შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის, მთავარი.’“
3და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე, და სცხეს ისრაელზე მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
იერუსალიმი
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია
4და გაილაშქრეს დავითმა და ისრაელის ძეთ იერუსალიმისაკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.
5და უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ“. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
6და თქვა დავითმა: „ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდება თავკაცი და სარდალი.“ ყველაზე უწინ იოაბი, ცერუიას ძე, ავიდა და გახდა სარდალი.
7და დადგა დავითი იმ ციხე-სიმაგრეში. ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
8მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი დანარჩენი ქალაქი აღადგინა.
9და სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი იყო მასთან.
დავითის თანამებრძოლნი
10აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
11აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშობყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი. მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.
12მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდო ახოხელისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი.
13იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ. იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა, და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. და დიდი ხსნა მოიტანა უფალმა.
15ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
16მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
17და ინება დავითმა და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“
18და გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, და წამოიღეს და დავითს მიუტანეს. არ ინდომა დავითმა მისი შესმა და უფალს დაუღვარა.
19და თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და აღარ ინდომა დავითმა წყლის შესმა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
20აბიშაი, იოაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა, მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში.
21ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
22ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი, ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
23მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა: შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსელავი. და ჩაუხტა კეტით და ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა.
24ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.
25ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
26მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანანი, დოდოს ძე, ბეთლემელი,
27შამოთ ჰარორელი, ხელეც ფელონელი,
28ყირა, ყიკეშის ძე, თეკოაყელი, აბიყეზერ ყანათოთელი,
29სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი,
30მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი,
31ითაი, რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფირყათონელი,
32ხურაი გაყაშის ხევიდან, აბიელ ყარბათელი,
33ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი.
34ჰაშემ გიზონელის ძენი; იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
35ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე,
36ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი,
37ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე,
38იოელ, ნათანის ძმა, მიბხარ ჰაგრის ძე,
39ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
40ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
41ურია ხეთელი, ზაბად ახალაის ძე,
42ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენის ძეთა თავკაცი, და ოცდაათი მასთან ერთად.
43ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი,
44ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი – ხოთამის ძენი – ყაროყერელნი.
45იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა, მისი ძმა თიციელი,
46ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია – ელნაყამის ძენი – და ითმა მოაბელი.
47ელიელი, ყობედი, იაყასიელ მეცობაელი.

Currently Selected:

1ნეშტ. 11: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in