YouVersion Logo
Search Icon

Lamentations 1

1
1როგორ დაცლილა ერთდროს ხალხმრავალი ქალაქი! ზის როგორც ქვრივი ქალი, ოდესღაც ხალხთა მთავარი და ქვეყნების დედოფალი რომ იყო, დღეს სხვას უნდა ემსახუროს. 2მწარედ ქვითინებს ის ღამით, და ცრემლი უსველებს ღაწვებს. ნუგეშისმცემელი აღარ ჰყავს, ყველა მეგობარმა, ყველა მოყვასმა უღალატა, ყველა მტრად გაუხდა. 3გადაიხვეწა იუდეა ჩაგვრისა და ურვისა და მძიმე მონობის გამო, დასახლდა წარმართთა შორის, ვერ ჰპოვა მოსვენება, ვიწროებში წამოეწივნენ მდევრები. 4დაცარიელდა სიონის გზები, აღარ ჩანან ზეიმზე მომავალნი. დაყრუვდა მისი კარიბჭენი; ოხრავენ მისი მღვდლები, დასევდიანდნენ მისი ქალწულნი და თავადაც გამწარებულია. 5მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, მისი მტრები ზეიმობენ, რადგან უფალმა დასაჯა იგი მისი უღმრთოების გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები. 6დაკარგა სიონის ასულმა მშვენიერება; მისი მთავარნი იმ ირმებს ჰგვანან, საძოვარი რომ ვერ უპოვიათ და ღონემიხდილნი მარბიელს წინ გაურბიან. 7გაიხსენა იერუსალიმმა მისი სიგლახაკისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველთაგან რომ ჰქონდა; გაიხსენა რომ დაეცა მისი ერი მტრის ხელით და არა ჰყავს მშველელი; მისი მტრები შეჰყურებენ და დასცინიან მის შაბათებს. 8მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც გახდა შესაზარი. და ყველამ, ვინც პატივს სცემდა უწინ, შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავად კი ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ. 9კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა და საარაკოდ დაეცა; არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოხედე, უფალო, ჩემს გასაჭირს, რადგან მუმბერაზობს#1:9 თავხედობს, არად მაგდებს მტერი ჩემზე. 10მტერმა ხელი მიჰყო მის ყველა საგანძურს, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შევიდნენ წარმართნი, რომელთაც შენ აუკრძალე შენს კრებულში შესვლა. 11მთელი მისი ერი ოხრავს პურის ძებნაში; ლუკმაპურში აძლევენ თვალ-მარგალიტს, სული რომ მოითქვან! მოიხილე, უფალო, და იხილე, როგორ დავმცირდი! 12თქვენ გაშოროთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! შეხედეთ და ნახეთ, თუ არის სალმობა მსგავსი სალმობისა, რომელიც მე მეწია, რომლითაც დამამწუხრა მე უფალმა თავისი მძვინვარე რისხვის დღეს? 13მაღლიდან გაუჩინა ცეცხლი ჩემს ძვლებს და სძლია მათ. მახე დამიგო ფეხებში, დამცა, დამაგდო ოხრად და სამუდამოდ სნეულად. 14მძიმეა უღელი ჩემი ცოდვებისა; მისი ხელით დაიწნა ის. ქედზე მაწვება, ძალა წამართვა; უფალმა მათ მიმცა ხელთ, ვისაც ვეღარ წამოვუდექი. 15მოსპო უფალმა ყოველი ჩემი ძლიერი, რაც კი გამაჩნდა; მოუხმო ჩემს წინააღმდეგ კრებულს, რათა შემუსრონ ჩემი მოყმენი; როგორც საწნახელში ყურძენი, ისე დაწურა უფალმა ქალწული, იუდეის ასული. 16ამაზე ვტირი მე ასე, და ცრემლად ვიღვრები, რადგან შორსაა ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ძენი ჩემნი, რადგან მტერმა გვძლია. 17სიონი ხელებს იწვდის, მაგრამ არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ მას იაკობის მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში. 18მართალია უფალი, რადგან არ დავმორჩილდი მის სიტყვას. ისმინეთ, ყველა ხალხებო, და იხილეთ ჩემი სატკივარი: ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი ტყვეობაში წავიდნენ. 19ვუხმობდი ჩემს მახლობელთ, ხოლო მათ მომატყუეს მე; ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესნი ქალაქში იხოცებიან, რადგან ლუკმა პურს დაეძებენ სულის მოსაბრუნებლად. 20მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, ნაწლავები მეწვის, გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ჯიუტად გეურჩებოდი; გარეთ უშვილო მქნა მახვილმა, და შინაც სიკვდილია. 21გაიგონეს მათ, რომ ვკვნესი მე და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენ გააკეთე ეს. ნეტავ მოაწევდე შენს დათქმულ დღეს, და ისინიც ჩემსავით გახდნენ. 22ნეტავ მოაწევდეს მათი ბოროტება შენს წინაშე და მოექცეოდე მათ ისე, როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გამრავლდა სულთქმანი ჩემნი და შემიღონდა გული.

Currently Selected:

Lamentations 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy