YouVersion Logo
Search Icon

Lamentations 2

2
1როგორ დააბნელა უფალმა რისხვით სიონის ასული! ზეციდან მიწაზე გადმოაგდო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი მისი მრისხანების დღეს. 2უწყალოდ მოსპო უფალმა იაკობის ყოველი მშვენიერება; გულისწყრომით დააქცია იუდას ასულის ციხესიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; შებღალა სამეფო და მისი მთავარნი. 3გულისწყრომის რისხვით მოამტვრია რქები ისრაელს; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და ცეცხლი ააგიზგიზა იაკობში, როგორც ხანძრის ალი, ირგვლივ ყველაფრის მომჭმელი. 4მშვილდი მოზიდა, როგორც მტერმა, აღმართა მარჯვენა, როგორც მომხდურმა, და მოსრა ყოველი თვალის საამური ჩემი; სიონის ასულის კარავზე გადმოანთხია თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი. 5მტრად მექცა უფალი, დააქცია ისრაელი, მოსპო მისი პალატები, დაანგრია მისი ციხესიმაგრენი და გაამრავლა იუდეის ასულის კვნესა და ტირილი. 6დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. 7უარყო უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ თავისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს მათ უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. 8განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი. 9მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან. 10მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.
11ცრემლით დამებინდა თვალები, შიგნეული მიშფოთავს, ნაღველი მეწვის ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როცა ვხედავ შიმშილით გულწასულ ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის ქუჩებში. 12დედებს შესტირიან: სად არის პური და ღვინოო? როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში, როგორც მძიმედ დაჭრილებს და სული ამოსდით დედის კალთაზე.
13რა გიწოდო შენ, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი წყლული? ვინ განგკურნოს შენ? 14შენი წინასწარმეტყველნი ცრუსა და სულელურ ხილვებს გაუწყებდნენ შენ და არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს, რომ აგცდენოდა ტყვეობა; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ ხილვებს გაუწყებდნენ, რომელთაც დევნულებისაკენ მიჰყავდი შენ. 15ტაშს შემოჰკრავს ყველა გზად გამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენება არისო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? 16დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილებს ახრჭიალებენ, ამბობენ: გადავყლაპეთო ჩვენ იგი, ნამდვილად ეს ის დღეა, რომელსაც ველოდითო, ვიპოვეთ, ვიხილეთო! 17აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგან; დაანგრია და არ შეიბრალა; გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მაჭირვებელთა რქა.
18მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, მდინარესავით ღვარეთ ცრემლი დღედაღამ; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას; ცრემლი ნუ შეგაშრება თვალზე. 19ადექი, შეჰღაღადე ღამის ყოველ გუშაგობაზე, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე; მისკენ გაიწოდე ხელი შენს ჩვილთა სასიცოცხლოდ, შიმშილით რომ სულს ღაფავენ გზათაგასაყარებზე.
20მოიხედე, უფალო, და მოიხილე, ვის მოქცევიხარ ასე? სად ყოფილა, რომ დედებს დაეჭამათ ნაყოფი თავისი მუცლისა – ძუძუთა ჩვილები? სად ყოფილა, რომ უფლის საწმიდარში მოეკლათ მღვდელი და წინასწარმეტყველი? 21ქუჩებში ყრიან ყმაწვილები და მოხუცები, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად დაკალი. 22როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს მაძიებელთ, და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და არც გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვანებივრებდი და ვზრდიდი, ჩემმა მტერმა მოუღო ბოლო.

Currently Selected:

Lamentations 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy