YouVersion Logo
Search Icon

Jonah 1

1
1და იყო უფლის სიტყვა ამითაის ძის, იონასადმი თქმული:#4მფ 14:25. 2ადექი, წადი დიდებულ ქალაქ ნინევეში და აუწყე, რომ უფალი ხედავს მათ ბოროტებას.
3მაგრამ იონა ადგა, რომ უფალს თარშიშში გაქცეოდა. იგი იაფოში ჩავიდა, თარშიშისაკენ მიმავალი ხომალდი მონახა, საფასური გადაიხადა და შიგ ჩაჯდა, რათა თარშიშში წასულიყო და უფალს გასცლოდა.
4მაგრამ უფალმა ძლიერი ქარი ამოაგდო ზღვაზე. ქარიშხალმა ზღვა ძლიერ ააბობოქრა; ცოტაც და, ხომალდი დაილეწებოდა. 5შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა. რაც რამ საქონელი ჰქონდათ ზღვაში გადაყარეს, რომ ხომალდი შეემსუბუქებინათ. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და არხეინად ეძინა.
6მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რას დაგიძინია? ადექი, შენც შეღაღადე შენს ღმერთს, იქნებ მან შეგვიწყალოს და არ დავიღუპოთ.“ 7შემდეგ მეზღვაურებმა ერთმანეთში თქვეს: „მოდი, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ დღეში.“ წილი ყარეს და იონას შეხვდა. 8ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ აღმოვჩნდით ამ განსაცდელში? რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ და რა მოდგმისა?“ 9იონამ მიუგო: „ებრაელი ვარ, უფლის, ცათა ღმერთის, მსახური, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.“ 10როცა ეს გაიგეს, ძლიერ შეშინდნენ, რადგან იონა გამოუტყდათ, რომ უფალს გაურბოდა. უთხრეს: „ეს რა ჩაგიდენია?!“ 11და, რადგან ზღვა კვლავინდებურად ბობოქრობდა, ჰკითხეს: „რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?“
12იონამ უთხრა: „ამიღეთ, წყალში გადამაგდეთ და ზღვა დაწყნარდება, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი თავს ჩემს გამო დაგატყდათ.“ 13მეზღვაურებმა ნიჩბები მოუსვეს, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აბობოქრდა. 14მაშინ უფალს შეჰღაღადეს და უთხრეს: „უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, და ნურც მის მართალ სისხლს მოგვკითხავ, რადგან ყოველივე ისე ხდება, უფალო, როგორც შენ გინდოდა.“ 15აიღეს და წყალში გადააგდეს იონა. ზღვამ ღელვა შეწყვიტა. 16მეზღვაურებს ძლიერ შეეშინდათ უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს მას.

Currently Selected:

Jonah 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy