YouVersion Logo
Search Icon

Amos 7

7
1ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლის ხანს; და აჰა, სამეფო თიბვები რომ დამთავრდა, აღმოცენდა ბალახი. 2როცა კალიამ გადაძოვა ბალახი მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მოწყალე იყავ! რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა. 3შეინანა უფალმა და თქვა: ეს არ მოხდება! 4ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. 5მე ვთქვი: უფალო ღმერთო! შეაჩერე; რა გადაარჩენს იაკობს? ის ძალიან მცირეა. 6შეინანა უფალმა: არც ეს მოხდებაო, – თქვა უფალმა ღმერთმა. 7ასეთი ხილვა მომცა მე უფალმა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და ტყვიის შვეული უჭირავს ხელში. 8მითხრა მე უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას. 9გაუკაცურდება ისააკის გორაკები და ისრაელის საწმიდრები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოყამის სახლის წინააღმდეგ.
10შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობოყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; 11რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოყამი და ისრაელს აუცილებლად წაიყვანენ ტყვედ თავისი ქვეყნიდან. 12უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე. 13ბეთელში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი. 14მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის ძე; მე მწყემსი ვიყავი და სიკომოროს მკრეფავი. 15წამომიყვანა მე უფალმა ფარიდან და მითხრა: წადი და უწინასწარმეტყველეო ჩემს ერს, ისრაელს. 16ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისააკის სახლის წინააღმდეგო. 17ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ძენი და ასულნი მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საზომი ლარით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელიანთ კი ტყვედ წაიყვანენ თავისი ქვეყნიდან.

Currently Selected:

Amos 7: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in