YouVersion Logo
Search Icon

Amos 6

6
1ვაი, უზრუნველთ სიონზე და ვაი, უდარდელთ სამარიის მთაზე; სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! 2მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გათში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები? ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი სამანები? 3თქვენ, რომელნიც ფიქრობთ, რომ შორსაა უბედურების დღე და იახლოვებთ ძალადობის სუფევას, – 4თქვენ, რომლებიც განისვენებთ სპილოსძვლის საწოლებზე და ნებივრობთ თქვენს სარეცლებზე; მიირთმევთ ფარის საუკეთესო კრავებსა და ნასუქალ ხბორებს, 5მღერით ქნარის ხმაზე და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს. 6თასებით სვამთ ღვინოს, საუცხოო ზეთებს იცხებთ, და არ განაღვლებთ იოსების უბედურება. 7ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა მიწყდება. 8დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ღმერთი ცაბაოთი: მძულს იაკობის ამპარტავნება და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს. 9და თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, ისინიც დაიხოცებიან, 10როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის შინმყოფს: თუ კიდევ დაგრჩა ვინმე? და ისიც უპასუხებს: ყველა წასულიაო; უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება. 11რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს. 12თუ ურბენიათ ცხენებს კლდეებზე? ან თუ უხნავთ ზღვა ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად – სიმართლის ნაყოფი. 13სიხარულით ამბობთ, ჩვენი ძალით ავიღეთო ლო-დებარი და კარნაიმი! 14აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, – და მიგამწყვდევს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.

Currently Selected:

Amos 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in