YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 48

48
1აღდგა ელია წინასწარმეტყველი, როგორც ცეცხლი, და მწველი იყო მისი სიტყვა, როგორც ლამპარი. 2შიმშილი მოუვლინა მათ და შეამცირა მათი რიცხვი თავისი გულმოდგინებით. 3უფლის სიტყვით ჩაგმანა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი. 4როგორ იდიდე, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადოს შენი მსგავსებით? 5შენ აღადგინე მიცვალებული მკვდრეთით და საიქიოდან უზენაესის სიტყვით. 6შენ დაამხე დასაღუპად მეფენი და დიდებულნი თავიანთი სარეცლებიდან. 7შემ მოისმინე სინაზე მათი მხილება და ქორებზე – შურისგების მსჯავრი. 8შენ სცხე მეფეებს ნაცვლისგებად და წინასწარმეტყველთ, რათა ყოფილიყვნენ შენი მონაცვლენი. 9შენ აგიტაცა ცეცხლის გრიგალმა, რათა დაესვი ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე. 10შენ დაგებედა დროულად გემხილებინა ცოდვილნი, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგეს მიაღწევდა, შვილის მიმართ მოგექცია მამის გული და აღგედგინა ტომნი იაკობისა.
11ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განსვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით. 12ელია იყო, გრიგალში რომ დაინთქა, და ელისე აღივსო მისი სულით. არასდროს არ შემკრთალა არცერთი მთავრის წინაშე და ვერც ვერავინ მოადრეკინა ქედი. 13ვერც ვისიმე სიტყვით იძლია და თვით განსვენების შემდეგაც წინასწარმეტყველებდა მისი ცხედარი. 14როგორც სიცოცხლეში მოახდინა სასწაულნი, სიკვდილის შემდეგაც ასევე საკვირველი იყო მისი საქმენი. 15მაიც არ მოინანია ხალხმა და არ განირიდა ცოდვები, ვიდრე ტყვედ არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელი დედამიწის ზურგზე არ მიმოიფანტნენ. 16ძალზე ცოტა ხალხიღა დარჩა და მთავარი – დავითის შთამომავალი. მხოლოდ ზოგი იქცეოდა, როგორც ჯერ არს, ზოგმა კი ამრავლა ცოდვები. 17ეზეკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და წყალი შეიყვანა შიგ, წერაქვით გათხარა კლდე და ააგო წყალსაცავი. 18მის დროს გამოილაშქრა სენახერიბმა და წარმოგზავნა რაბშაკე, რომელმაც ხელი აღმართა სიონზე და ქედმაღლურად იქცეოდა თავგასული. 19მაშინ შეძრწუნდა მათი გული და ხელი; იტანჯებოდნენ, როგორც ქალი მშობიარობის ტკივილებით გაწამებული. 20ხელაპყრობით უხმეს გულმოწყალე უფალს; წმიდამაც უმალ ისმინა მათი ზეცით და ესაიას ხელით იხსნა ისინი. 21მუსრი გაავლო ასურელთა ლაშქარს და მისმა ანგელოზმა მოსრა ისინი. 22რადგანაც ეზეკია ისე იქცეოდა, როგორც ნებავს უფალს, და მტკიცედ ადგა მამამისის – დავითის გზას, როგორც ამცნო წინასწარმეტყველმა ესაიამ, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით. 23მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლის დღენი. 24თავისი დიადი ზეშთაგონებით იხილა ჟამთა დასასრული და ანუგეშა სიონში მგლოვიარენი. 25იუწყებოდა მომავალს უკუნისამდე და დაფარულს – ვიდრე გაცხადდებოდა იგი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in