YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 47

47
1მას შემდეგ აღდგა ნათანი, რათა ეწინასწარმეტყველა დავითის დროს. 2როგორც ქონი მსხვერპლს გაცლილი, ისე გამოირჩეოდა დავითი ისრაელის ძეთაგან. 3ისე ათამაშებდა ლომებს, როგორც ციკნებს და დათვებს – როგორც ბატკნებს. 4განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და ჩამორეცხა ხალხს სირცხვილი, როცა შემართა ხელი შურდულის ქვით და შემუსრა მზვაობა გოლიათისა? 5რადგანაც უხმო უზენაეს უფალს, რომელმაც განუმტკიცა მარჯვენა, რათა ეძლია მძლე მეომარი და აემაღლებინა თავისი ხალხის რქა. 6ასე განადიდეს იგი, როგორც მირიადი, და უფლის კურთხევით შეასხეს ხოტბა, ღირსს იმისას, რომ დიდების გვირგვინი ეტარებინა. 7რადგანაც მუსრი გაავლო გარს შემოჯარულ მტრებს, და ქედი მოახრევინა მოწინააღმდეგე ფილისტიმელებს, ასე რომ, დღემდე შემუსრულია მათი რქა. 8თავისი ყოველი საქმით პატივს მიაგებდა უწმიდესს და უზენაესს; დიდების სიტყვით სწირავდა მადლს; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავისი შემოქმედი. 9საკურთხევლის წინ დაამწკრივა მგალობელნი, რათა მათი ხმებით დაეტკბო ჰანგი. 10დაამშვენა ყველა დღესასწაული და ზუსტად განსაზღვრა ჟამნი, რათა ედიდებინათ უფლის წმიდა სახელი და დილიდანვე აეხმიანებინათ ტაძარი. 11უფალმა მიუტევა ცოდვები, საუკუნოდ აამაღლა მისი რქა, მისცა სამეფო აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში. 12შემდგომ ამისა აღდგა მისი ბრძენი ძე და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად. 13მშვიდობიანი იყო სოლომონის მეფობის ხანა, ღმერთმა ყოველმხრივ მიჰმადლა მოსვენება, რათა მის სახელზე აღემართა სახლი და საუკუნო ტაძარი გაემზადებინა. 14როგორ დაბრძენდი სიჭაბუკეში და მდინარესავით აივსე გონიერებით. 15შენმა სულმა მოიცვა დედამიწა და იდუმალი იგავებით აღავსე იგი. 16შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და ყველამ შეგიყვარა შენი მშვიდობისათვის. 17შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრებულნი იყვნენ ქვეყნები. 18უფალი ღმერთის სახელით, ისრაელის ღმერთად რომ იწოდება, შეკრიბე ოქრო, როგორც ბრინჯაო, და ტყვიასავით ამრავლე ვერცხლი. 19მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისაკენ და მათ ემონე შენი სხეულით. 20ლაქა წასცხე შენს დიდებას და შებღალე შენი თესლი, ასე რომ, რისხვა მოაწიე შენს შვილებზე, მწარედ რომ დაიტირეს უგუნურება შენი; 21რაკიღა ორად გაიყო ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს დაედო დასაბამი.
22მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არ გატეხს თავის არც ერთ სიტყვას, არ შემუსრავს თავისი რჩეულის შთამომავალთ და არ აღმოფხვრის იმის თესლს, ვინც მას უყვარდა; მან მისცა იაკობს ნატამალი, ხოლო დავითს – თავისი ფესვი. 23განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და შემდგომად თვისა ხალხს დაუტოვა უგუნურება თავისი თესლიდან: უმეცარი და უტვინო რეხობოამი, თავისი თათბირით რომ ჩამოიშორა ხალხი. 24და იერობოამი, ნაბათის ძე, რომელმაც აცდუნა ისრაელი და ცოდვის გზაზე დააყენა ეფრემი; იმრავლა მათმა ცოდვებმა, რის გამოც თავიანთი ქვეყნიდან განდევნილ იქნენ ისინი. 25და სჩადიოდნენ ყოველგვარ ბოროტებას, ვიდრე შურისგებამ არ მოაწია მათზე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in