YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 46

46
1ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და წინასწარმეტყველებაში მოსეს მემკვიდრე; თავისი სახელის შესაბამისად, დიდი იყო უფლის რჩეულთა ხსნისას, როცა შურს იძიებდა მის წინააღმდეგ აღძრულ მტრებზე, რათა სამკვიდრო დაებრუნებინა ისრაელისთვის. 2როგორი დიდება მოიხვეჭა, როცა აღმართა ხელი და ქალაქის წინააღმდეგ იშიშვლა ხმალი. 3მასზე უწინ ვინ იდგა მასავით მტკიცედ? რადგანაც საღვთო ბრძოლებს იხდიდა. 4განა მისი ხელით არ შეჩერდა მზე და ერთი დღე ორად არ იქცა? 5მან უხმო უზენაეს მეუფეს, როცა ყოველი მხრიდან ავიწროებდნენ მტრები, და შეისმინა მისი თხოვნა დიდმა უფალმა, მძლეთა-მძლე ძალით რომ ჩამოსტყორცნა სეტყვის ლოდები, 6თავს დააყარა მის წინააღმდეგ მეომარ ხალხს და მთის ფერდობზე მოსრა ისინი, რათა შეეცნოთ წარმართებს მთელი მისი საჭურველის ძალა, რადგანაც უფლის შემწეობით იბრძოდა იგი, 7კვალდაკვალ რომ მიჰყვებოდა თავის უფალს. მოსეს დროსაც გამოიჩინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ, წინ რომ აღუდგნენ კრებულს, ცოდვას განარიდეს ხალხი და ჩაახშეს უკეთური დრტვინვა. 8ეს ორნიღა დარჩნენ 600 ათასი ქვეითიდან, რათა შეეყვანათ ხალხი თავიანთ სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი. 9მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო ზეგანზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი; 10რათა დაენახა ისრაელის ყველა ძეს, რაოდენ სასიკეთოა უფლის კვალდაკვალ სიარული. 11ასევე მსაჯულნიც, თავ-თავიანთი სახელის მიხედვით, რომელთა გულიც არ შებღალულა და არ განდგომიან უფალს; კურთხეულ იყოს მათი ხსოვნა. 12ამოყვავილდნენ მათი ძვლები თავიანთი საფლავებიდან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს. 13უფლის მიერ საყვარელმა სამოელმა, უფლისავე წინასწარმეტყველმა, დააარსა სამეფო და მირონი სცხო თავისი ხალხის წინამძღოლთ. 14უფლის რჯულით განიკითხავდა ხალხს და მოხედა უფალმა იაკობს. 15ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში იცნობოდა სარწმუნო ხილვა. 16ყოვლისმძლე უფალს უხმო, მტრებისგან ყოველმხრივ შევიწროებულმა, და შესწირა ჩვილი ბატკანი. 17იქუხა ზეცით უფალმა და გრგვინვით ამცნო თავისი ხმა. 18შემუსრა სიდონელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი. 19საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, რომ არათუ ქონება, ხამლიც კი არ აუღია ხორციელისგან; და არც არავის დასცდენია მისი საყვედური. 20მიძინების შემდეგაც იწინასწარმეტყველა და მეფეს აუწყა მისი აღსასრული; წინასწარმეტყველებით აიმაღლა ხმა სამარიდან, რათა წარეხოცა ხალხის ურჯულოება.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in