YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 45

45
1და წარმოშვა მისგან მოწყალე კაცი, მოსე, მადლის მპოვნელი ყველა ხორციელის თვალში, რომელიც უყვარდათ ღმერთსაც და კაცთაც; კურთხეულია მისი სახელი. 2დიდებით წმიდათ გაუტოლა და მტრების დასაშინებლად განადიდა საქმეთა წყალობით. 3მისი სიტყვებისამებრ მოავლინა ნიშები და განადიდა მეფეთა წინაშე; მისი მეშვეობით გასცემდა ბრძანებას თავისი ხალხისადმი და მასვე უჩვენა თავისი დიდებაც. 4ერთგულებისა და თვინიერებისათვის წმიდაყო იგი და ყოველი ხორციელისაგან გამოარჩია. 5ასმინა თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ მისცა მცნებანი, რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისთვის ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისათვის – მისი ბრძანებანი. 6აღამაღლა აარონი, სიწმიდით მისი სწორი, და მისივე ძმა ლევის ტომიდან. 7საუკუნო აღთქმა დაუდო და ერის მღვდლობა ჩააბარა, საგანგებო სამკაულით აკურთხა და შემოარტყა სარტყელი დიდებისა. 8სრულყოფილებითა და სასალუქო სამოსით – საწმერთულით, ტალავარითა და ეფოდით შემოსა იგი, 9ბურთულები შემოარტყა და მრავალი ეჟვანიც შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმა გამოეცათ და მთელი ტაძარი აევსოთ წკრიალით, მისი ხალხის შვილთა სამახსოვროდ; 10წმიდა სამოსით, ოქსინოთი, იაკინთითა და პორფირით, ჭრელად ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის სიტყვით, ურიმ-თუმიმით, ოსტატურად ნაქსოვი მოსასხამით 11და ნაირფერად მოციმციმე პატიოსანი თვლებით მოოჭვილი, ოქრომჭედლის ნახელავი ბეჭდით შეამკო იგი, რომელზედაც სამახსოვროდ ამოეკვეთათ წარწერა ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით. 12თავსაბურავზე – ოქროს გვირგვინი, სიწმიდის ნიშანი, დიდება ღირსებისა, დიდებული სამკაული, ნატიფი ხელოვნებით ნაჭედი, ამოდ სახილველი. 13მანამდე არ ყოფილა მსგავსი მშვენება და არც უცხოტომელი შემოსილა ასე, არამედ მხოლოდ მისი ძენი და მისი შთამომავალნი სამარადჟამოდ. 14მისი მსხვერპლი მთლიანად შეიწირება, დღემუდამ ორჯერ. 15მოსემ აუვსო ხელი და წმიდა ზეთი სცხო; მიეცათ მასაც და მის თესლსაც საუკუნო აღთქმა სამარადისოდ, რათა ემსახურონ უფალს და იმავდროულად აკურთხევდნენ ხალხს მისი სახელით. 16გამოარჩია იგი ცოცხალთა შორის, რათა უფლისთვის მიერთმია ძღვენი: საკმეველი და კეთილსურნელება იმის სახსოვრად, რომ შეიწყალა თავისი ხალხი. 17მისცა მას თავისი მცნებებით უფლება მსჯავრის გამოტანისა, რათა ესწავლებინა იაკობისთვის მისი მოწმობანი და თავისი რჯულით გაენათლებინა ისრაელი. 18წინ აღუდგნენ მას უცხონი, მისდამი შურით აღძრულნი უდაბნოში – დათანისა და აბირამის ხალხი, აგრეთვე კორახის ხროვა, მრისხანებითა და სიშმაგით. 19იხილა უფალმა და არ მოეწონა ეს, ამიტომაც დაიღუპნენ თავიანთი მრისხანებითა და სიშმაგით; სასწაულები მოახდინა მათ წინააღმდეგ და თავისი ცეცხლის ალით მოსრა ისინი. 20ამრავლა აარონის დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა – უწილადა პირველმოწეული ნაყოფი, უწინარეს ყოვლისა კი გაუმზადა პური ძღომაზე; 21რადგანაც ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მისცა მას და მის შთამომავალთ. 22მაგრამ არ აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და არც წილი – ხალხს შორის, რადგანაც უფალია მისი წილიც და სამკვიდროც. 23ფინეხასი, ელეაზარის ძე, მესამეა დიდებით, მისი გულმოდგინების გამო ღვთისმოშიშებაში, რაკიღა მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას თავისი სულის სიქველით და ასე გამოითხოვა შეწყალება ისრაელისთვის. 24ამიტომაც მიეცა მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში ჩასდგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რათა მას და მის შთამომავალთ საუკუნოდ ჰქონოდათ მღვდელმთავრობა. 25ასევე მიეცა აღთქმა დავითსაც, იესეს ძეს, იუდას ტომიდან, რომ სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე, როგორც აარონის და მის შთამომავალთა მემკვიდრეობა. 26ღმერთმა თქვენც ჩაგიდოთ სიბრძნე გულში, რომ სიმართლით განიკითხოთ მისი ხალხი, რათა არ წარიხოცოს მისი სიკეთე და თაობიდან თაობას გადაეცეს დიდება მისი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in