YouVersion Logo
Search Icon

Matthew 19

19
1ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდას საზღვრებში, იორდანეს გაღმა. 2დიდძალი ხალხი მისდევდა მას და კურნავდა იგი მათ იქ. 3და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: „დასაშვებია, რომ კაცმა გაუშვას ცოლი რაიმე მიზეზით?“ 4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?“#დაბ 1:27; 5:2. 5და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთხორცად.#დაბ 2:24. 6ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.“ 7ეუბნებიან მას: „აბა, მოსემ რატომღა დადო მცნებად გაყრის წერილის მიცემა და გაშვება?“#რჯ 24:1-4; მთ 5:31. 8ეუბნება მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლის გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ იყო. 9მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“#მთ 5:32; 1კო 7:10,11. 10ეუბნებიან მას მოწაფეები: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ დაქორწინდეს.“ 11უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. 12რადგან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს, და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“
13მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო მათთვის და ელოცა. მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ. 14იესომ თქვა: „მოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“ 15და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
16და აჰა, მივიდა მასთან ერთი ვინმე და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ 17ხოლო მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“ 18ეუბნება მას: „რომლები?“ იესომ თქვა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ იმოწმო ცრუდ,#გამ 20:13-16; რჯ 5:17-20. 19პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“#გამ 20:12; რჯ 5:16; ლევ 19:18. 20ეუბნება მას ჭაბუკი: „ყოველივე ამას ვიცავდი სიყმაწვილიდან. რაღა მაკლია?“ 21უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“ 22ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა. 23იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. 24კიდევ გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სასუფეველში.“ 25ეს რომ მოისმინეს მისმა მოწაფეებმა, ძალიან გაუკვირდათ, და თქვეს: „მაშ, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ 26შეხედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთათვის ეს შეუძლებელია, ღმერთისათვის კი ყველაფერი შესაძლებელია.“ 27მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“ 28იესომ უპასუხა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როდესაც კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად.#მთ 25:31; ლკ 22:30. 29ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. 30ხოლო მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელი კი – პირველი.#მთ 20:16; ლკ 13:30.

Currently Selected:

Matthew 19: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in