Matthew 18
18
1ამ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“#ლკ 22:24. 2იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შორის, 3და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.#მრკ 10:15; ლკ 18:17. 4ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. 5და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.
6ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ. 7ვაი ქვეყნიერებას ცდუნებებისაგან, რადგან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. 8თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს ხეიბარი ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში.#მთ 5:30. 9თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.#მთ 5:29.
10გაფრთხილდით, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში მუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. 11რადგან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა.#ლკ 19:10. 12როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა არ მიატოვებს მთებში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? 13და თუ შეძლებს მის პოვნას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. 14ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგან.
15ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.#ლკ 17:3. 16ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.#რჯ 19:15. 17თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე. 18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ცაშიც შეკრული იქნება, და რასაც მიწაზე გახსნით, ცაშიც გახსნილი იქნება.#მთ 16:19; იო 20:23. 19კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ითხოვონ რაიმე, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ცაშია. 20რადგან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის.“
21მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენგზის უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდგზის?“#ლკ 17:3,4. 22ეუბნება მას იესო: „მე არ გეუბნები, შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის.#დაბ 4:24. 23ცათა სასუფეველი ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება. 24და როდესაც დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც 10 ათასი ტალანტი ემართა მისი. 25და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა. 26მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: ‘სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი.’ 27ბატონს შეებრალა მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. 28გამოსვლისას შეხვდა ამ მონას ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: ‘გადამიხადე, რაც გმართებს.’ 29პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: ‘სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი.’ 30მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. 31მისმა თანამონებმა რომ დაინახეს ეს, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე, რაც მოხდა. 32მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა მას: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. 33განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შეგიწყალე?’ 34და განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. 35ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი მთელი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.“
Currently Selected:
Matthew 18: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013