YouVersion Logo
Search Icon

Matthew 17

17
1ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.#2პტ 1:17,18. 2და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი. 3და აჰა, ეჩვენნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. 4და უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა! თუ გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას.“ 5ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა მოუჩრდილა მათ, და გაისმა ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც არის ჩემი სათნოება. მას უსმინეთ!“#დაბ 22:2; ფს 2:7; ესა 42:1; მთ 3:17; 12:18; მრკ 1:11; ლკ 3:22; რჯ 18:15. 6გაიგონეს მოწაფეებმა და პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. 7და მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ.“ 8თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს, იესოს გარდა. 9და როდესაც მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავისთან არაფერი თქვათ ამ ხილვაზე, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება.“ 10შეეკითხნენ მას მოწაფეები: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდეს?“#მალ 4:5. 11ხოლო მან მიუგო და თქვა: „ნამდვილად, ელია მოვა და ყოველივეს აღადგენს. 12გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა.“#მთ 11:14. 13მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა.
14და როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე 15და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში. 16მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.“ 17მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი!“ 18და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი. 19მაშინ განმარტოებით მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჩუმად უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“ 20ხოლო იესომ უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: გადადი აქედან იქით, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.#მთ 21:21; მრკ 11:23; 1კო 13:2. 21ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.“ #17:21 ეს მუხლი არის მხოლოდ ზოგიერთ ხელნაწერში.
22გალილეაში გაბრუნებისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, 23და მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ და მეტისმეტად შეწუხდნენ ისინი.
24კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის#17:24 ტაძრის გადასახადი. ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“#გამ 30:13-15; 38:26. 25ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“ 26ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან. 27მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.“

Currently Selected:

Matthew 17: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in