YouVersion Logo
Search Icon

Galatians 6

6
1ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. 2ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს. 3რადგან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და ამ დროს არაფერიც არ არის, ის თავს იტყუებს. 4ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში. 5რადგან ყველამ თავისი ბარგი უნდა ატაროს.
6სიტყვაში დამოძღვრილმა ყოველივე სიკეთეს გაუზიაროს დამმოძღვრელს. 7ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. 8ვინც თავისი ხორცისათვის თესავს, ხორცისაგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისათვის თესავს, სულისაგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 9სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. 10ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია.
11ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით. 12სხეულით თავმოწონების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ. 13რადგან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, მაგრამ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი სხეულით დაიქადონ. 14მე კი, თუ დავიქადნი, მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის, ხოლო მე ქვეყნიერებისათვის. 15რადგან ქრისტე იესოში არაფერია არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16ვინც ამ წესისამებრ მოიქცევა, მშვიდობა და წყალობა მასზე და ღმერთის ისრაელზე.
17ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.
18ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმებო! ამინ.

Currently Selected:

Galatians 6: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in