Galatians 5
5
1თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
2აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესაგან. 3და კიდევ ვუმოწმებ ყოველ ადამიანს, რომელიც აპირებს წინადაცვეთას, რომ ის ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს. 4თქვენ, რომლებიც ცდილობთ რჯულით გაიმართლოთ თავი, განეშორებით ქრისტეს და სწყდებით მადლს. 5ჩვენ კი სულით, რწმენისაგან, იმედით მოველით სიმართლიანობას. 6რადგან ქრისტე იესოში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7კარგად მიდიოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? 8ეს მოსაზრება იმისგან არ არის, ვინც თქვენ მოგიწოდათ. 9მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. #1კო 5:6. 10მჯერა მე თქვენი უფალში, რომ არ იფიქრებთ სხვანაირად, ხოლო თქვენი აღმაშფოთებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს. 11მე კი, ძმებო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას, რისთვისღა ვიდევნები? მაშინ ჯვრის საცდური მოიხსნებოდა. 12ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთებელნი.
13თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ #ლევ 19:18. 15მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. 17რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა ვერ აკეთოთ ის, რაც გსურთ. #რომ 7:15-23. 18თუ სულით დადიხართ, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 19ხორცის საქმეები აშკარაა. ესენია: გარყვნილება, უწმიდურება, თავაშვებულება, 20კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, თავკერძოება, უთანხმოებანი, განხეთქილება, 21შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება, 23უშფოთველობა, მოთმინება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად. 25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26ნუ ვიქნებით ცუდმედიდურები, ერთმანეთის გამღიზიანებლები და ერთმანეთის მიმართ შურიანები.
Currently Selected:
Galatians 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013