Galatians 4
4
1ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია. 2არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. 3ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვყავდით სამყაროს ელემენტარულ სულებს.#4:3 სხვა შესაძლო თარგმანი: ამ სოფლის წესებს, სტიქიებს. 4ხოლო როცა მოვიდა ჟამის სისავსე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც ქალისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს 5რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა. #რომ 8:15-17. 6და რაკიღა თქვენ შვილები ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!“ 7ამიტომ შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მაშ მემკვიდრეც ღმერთის მიერ.
8მაგრამ მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. 9ახლა კი, როცა ღმერთი შეიცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა შეგიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და საცოდავ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? 10დღეებს იცავთ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. 11ვშიშობ, ფუჭად ხომ არ მიშრომია თქვენს შორის.
12იყავით ჩემისთანები, რადგან მეც თქვენისთანა ვარ, ძმებო, ამას გევედრებით. ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ. 13იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად, 14და თქვენ არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი სხეულში, არამედ მიმიღეთ, როგორც ღმერთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. 15სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! მაგრამ ვმოწმობ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით. 16ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით? 17კეთილად როდი მოშურნეობენ ისინი თქვენთვის, არამედ თქვენი მოწყვეტა სურთ, რომ მათთვის მოშურნეობდეთ. 18კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას. 19ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე, 20მინდა, რომ თქვენთან ყოფნა შემეძლოს და სხვა კილოთი გელაპარაკებოდეთ; რადგან გაოგნებული ვარ თქვენით.
21მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, რატომ არ უსმენთ რჯულს? 22რადგან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან და მეორე თავისუფლისაგან. #დაბ 16:15; 21:2. 23ის, რომელიც მხევლისაგან იყო, ხორციელად იყო შობილი, ხოლო რომელიც თავისუფლისაგან – აღთქმის თანახმად. 24აქ არის ქარაგმა, რადგან ეს ორი არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი. 25რადგან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად. 26ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა. 27რადგან დაწერილია: „იხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობათა განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე გათხოვილს.“ #ესა 54:1. 28და ჩვენ, ძმებო, ისააკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ. 29და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს, ასევეა ახლაც. #დაბ 21:9. 30მაგრამ წერილი რას ამბობს? – „განდევნე მხევალი და მისი ძე, რადგან მხევლის ძე ვერ მიიღებს მემკვიდრეობას თავისუფალის ძესთან ერთად.“ #დაბ 21:10. 31ამრიგად, ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ, არამედ თავისუფალისა.
Currently Selected:
Galatians 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013