Ephesians 4
4
1ამგვარად, მე, პატიმარი უფალში, შეგაგონებთ მოიქცეთ ისე, რომ ღირსი იყოთ იმ მოწოდებისა, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, 2მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. #კლს 3:12,13. 3ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში: 4ერთი სხეული და ერთი სული, როგორც მოწოდებულნი ხართ კიდეც თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. 5ერთი უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება, 6ერთი ღმერთი და ყოველთა მამა ყოველთა ზედა, მოქმედი ყოველთა მიერ და მყოფი ყველაში.
7ხოლო თითოეულ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ. 8ამიტომ არის ნათქვამი: „ავიდა სიმაღლეზე, დაატყვევა ტყვეობა და უბოძა ნიჭები ადამიანებს.“ #ფს 67:19. 9ხოლო „ავიდა“ განა არ ნიშნავს იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა? 10ხოლო ჩასული იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე. 11და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, 12რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, 13ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას, 14რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, 15არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე, 16ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში. #კლს 2:19.
17ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი ამაოებაზე მიპყრობილი გონებით, 18გონებადაბნელებულნი და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 20ხოლო თქვენ ასე არ შეგიცნიათ ქრისტე, – 21თუ მართლაც გსმენიათ მისგან და მასში ხართ განსწავლულნი, – რომ იესოშია ჭეშმარიტება. 22მიტოვებული გაქვთ ძველი ადამიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი, #კლს 3:9. 23და განახლებულნი ხართ თქვენი გონების სულით, 24და შეგიმოსიათ ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით. #კლს 3:10; დაბ 1:26.
25ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა თქვენგანმა თავის ახლობელს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთიმეორის ასონი ვართ.#ზაქ 8:16. 26თუ განრისხდებით, ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაში. #ფს 4:5. 27ნუ მისცემთ ადგილს ეშმაკს. 28მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. 29ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. 30ნუ შეაწუხებთ ღმერთის წმიდა სულს, რომლითაც თქვენ აღბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისათვის. 31ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. 32იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ. #კლს 3:13.
Currently Selected:
Ephesians 4: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013