Ephesians 5
5
1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, 2იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად. #გამ 29:18; ფს 39:7.
3სიძვა და ყოველგვარი უწმიდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. 4ასევე უგვანი საქციელი, ფუჭსიტყვაობა თუ ლაქლაქი არ შეგფერით, არამედ – უფრო სამადლობელი, 5რადგან ეს იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღმერთის სასუფეველში.
6არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს. 7ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. 9რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. 10გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. 11ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ. 12რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. 13ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება, 14რადგან ყოველი გამომჟღავნებული ნათელია. ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
15მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 16გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. #კლს 4:5. 17ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება. 18ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. 19ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. #კლს 3:16,17. 20მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას.
21დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით. 22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. #კლს 3:18; 1პტ 3:1. 23რადგან ქმარი არის ცოლის თავი, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და მისი სხეულის მაცხოვარი. 24როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც უნდა დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს ყველაფერში.
25მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, #კლს 3:19; 1პტ 3:7. 26რათა წმიდაეყო იგი, განეწმიდა წყალში განბანით სიტყვით. 27რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან კვალი წყლულისა, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. 28ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. თავისი ცოლის მოყვარულს, თავისი თავი უყვარს. 29რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, როგორც ქრისტე ეკლესიას. 30იმიტომ, რომ მისი სხეულის ასონი ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31ამის გამო მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთხორცად იქნებიან. #დაბ 2:24. 32დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე. 33ასევე თქვენც, თითოეულს, უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი. ცოლსაც ქმრის მოწიწება ჰქონდეს.
Currently Selected:
Ephesians 5: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013