YouVersion Logo
Search Icon

Baruch 2

2
1და ღმერთმა აღასრულა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა ჩვენს წინააღმდეგ, ისევე, როგორც ისრაელის ქვეყნის მსაჯულთა, ჩვენს მეფეთა და მთავართა, ყველა ისრაელიანისა თუ იუდაელის წინააღმდეგ. 2მთელ ცისქვეშეთში არ მომხდარა ის, რაც მან მოახდინა იერუსალიმში, თანახმად იმისა, რაც წერია მოსეს რჯულში: 3ზოგი თავისი ძის ხორცს დაუწყებს ჭამას, ზოგი კი – თავისი ასულისასო. 4და დაუმონა ისინი ყველა ქვეყანას, რომელიც გარს გვარტყია, საგინებლად და სარბევად მისცა ყველა ჩვენს მეზობელ ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი. 5ასე რომ, კი არ ავმაღლდით, არამედ დავმდაბლდით, რადგანაც ვცოდეთ ჩვენი უფალი ღმერთის წინაშე და არ შევისმინეთ მისი ხმა.
6სიმართლე ჩვენი უფლისა და ღმერთის ხელთაა, ჩვენ კი პირშერცხვენილნი ვართ, როგორც დღეს – ჩვენი მამები. 7ყველა ის უბედურება, რაც უფლის მიერ გვეუწყა, ერთიანად დაგვატყდა თავზე. 8არ ვლოცულობდით უფალი ღმერთის წინაშე, რათა თითოეული ჩვენგანი მიექცია მისი უკეთური გულის ზრახვისგან. 9უფალი ფხიზლად დარაჯობდა ყველა ამ უბედურებას და ბოლოს თავს დაგვატეხა ისინი, რადგანაც მართალია იგი ყველაფერში, რაც გვამცნო ჩვენ. 10მაგრამ ჩვენ ყურად არ ვიღეთ მისი ხმა, რომ გვევლო მისი მცნებებისამებრ, რომლებიც წესად დარგო ჩვენს წინაშე.
11და ახლა, უფალო ღმერთო ისრაელისა, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანე შენი ერი მტკიცე ხელით, ნიშნებით და სასწაულებით, დიადი ძალითა და შემართული მკლავით, და თვითონვე შეჰქმენი შენი სახელი, როგორც დღევანდელ დღეს, 12შეგცოდეთ, მკრეხელურად და უსამართლოდ მოვიქეცით, უფალო ღმერთო ჩვენო, ყველა შენი მცნების წინააღმდეგ. 13გვაშორე შენი რისხვა, რადგანაც ცოტანიღა დავრჩით იმ ხალხებს შორის, რომლებშიაც მიმოგვფანტე ჩვენ. 14შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა-ვედრება, გვიხსენი შენთვის და შეგვიწყალე იმათ წინაშე, რომლებმაც აგვყარეს და გადაგვასახლეს. 15რათა შეიგნოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი ჩვენი და შენი სახელით იწოდება ისრაელი და მისი მოდგმა.
16მოგვხედე, უფალო, შენი წმიდა სახლიდან და გაგვიხსენე; მოგვაპყარ ყური, უფალო, და გვისმინე; 17გაახილე თვალი, უფალო, და გვიხილე, რადგანაც ქვესკნელის მკვიდრნი, სული რომ აღარ უდგათ სხეულში, დიდებასა და სამართალს ვერ მოგაგებენ, 18არამედ ამდენი უბედურებით შეძრწუნებული სული, დათრგუნული და დაბეჩევებული რომ დაიარება, სული მჭმუნვარე, დამშეული და ეული, – აი, ვინ მოგაგებს, უფალო, დიდებასა და სიმართლეს. 19ასე რომ, ჩვენი მამა-პაპისა და ჩვენი მეფეების სიმართლეს როდი ემყარება ჩვენი ლოცვა-ვედრება შენდა მომართ, უფალო ღმერთო ჩვენო. 20რადგანაც შენ მოგვივლინე შენი რისხვა და მძვინვარება, როგორც ბრძანე შენივე მონა-მორჩილთა – წინასწარმეტყველთა პირით: 21ამას ბრძანებს უფალი: ქედმოდრეკილნი ემსახურეთ ბაბილონის მეფეს, და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას. 22ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და არ ემსახურებით ბაბილონის მეფეს, 23იმდენს ვიზამ, რომ აღარ ისმოდეს იერუსალიმსა და მის შემოგარენში ლხენისა და სიხარულის ხმა, არც ხმა სასიძოსი და სასძლოსი, და ადამიანის ჭაჭანებაც აღარ იყოს მთელ ქვეყანაში.
24მაგრამ ჩვენ ყურად არ ვიღეთ შენი ხმა, რომელიც გვეუბნებოდა, ვყოფილიყავით ბაბილონის მეფის მსახურნი, და აღასრულე შენი სიტყვები, წარმოთქმულნი შენივე მონა-მირჩილ წინასწარმეტყველთა პირით: ამოიყრებაო საფლავებიდან თქვენი მეფეებისა და თქვენი მამა-პაპის ძვლები. 25და, აი, ახლა ყრიან ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; აღსრულებით კი საშინელი ტანჯვა-წამებით, შიმშილით, მახვილითა და განდევნით აღესრულნენ. 26დაუტევე სახლი, რომელიც იწოდა შენი სახელით, როგორც ვხედავთ დღევანდელ დღეს, – ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო. 27და მოგვექეცი, უფალო, მთელი შენი სიკეთითა და მთელი შენი გულმოწყალებით, 28როგორც თქვი შენი მონა-მორჩილის მოსეს მეშვეობით იმ დღეს, როცა უბრძანე მას დაეწერა შენი რჯული ისრაელის ძეთა წინაშე: 29„თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს ურიცხვი და უთვალავი სიმრავლე ერისა უბადრუკად იქცევა იმ ხალხებში, რომელთა შორისაც მიმოვფანტავ მას. 30ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგანაც ურჩი ერია; მაგრამ ბოლოს მაინც ჩაიხედავენ გულში თავიანთი გადასახლების მიწაზე, 31და მიხვდებიან, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი; და მივცემ მათ გულს და სასმენელს, რათა ისმინონ. 32და მადიდებენ თავიანთი გადასახლების მიწაზე და ახსენებენ ჩემს სახელს. 33მიიქცევიან ურჩობისა და თავიანთ ბოროტ საქმეთაგან, რადგანაც გაიხსენებენ გზას თავიანთი მამა-პაპისას, რომელთაც სცოდეს უფლის წინაშე. 34და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც აღთქმით მივეცი მათ მამა-პაპას – აბრაამს, ისააკს და იაკობს, და დაეუფლებიან მას, და გავამრავლებ და აღარ შემცირდება მათი რიცხვი. 35და დავუდებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ერი, და აღარ ავყრი ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.“

Currently Selected:

Baruch 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in