YouVersion Logo
Search Icon

Baruch 3

3
1უფალო, ყოვლისმპყრობელო, ისრაელის ღმერთო, სული ურვილი და სული შეჭირვებული შემოგღაღადებს შენ. 2შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგანაც ვცოდეთ შენს წინაშე. 3ვინაიდან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ხოლო ჩვენ – სამუდამოდ დაკარგულნი. 4უფალო ყოვლისმპყრობელო, ისრაელის ღმერთო, შეისმინე ისრაელის მიცვალებულთა და მათი შვილების ვედრება, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათი ღმერთისა, და განუყრელი გახდა ჩვენგან უბედურება. 5ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობას, არამედ, გახსოვდეს შენი ხელი და შენი სახელი ამჟამად, 6რადგანაც შენა ხარ უფალი ღმერთი ჩვენი, და გადიდებთ შენ, უფალო. 7მიტომაც ჩაგვინერგე შენი შიში გულებში, რომ ვუხმობდეთ შენს სახელს; შენი მაქებარნი ვიქნებით გადასახლებაში, რადგანაც განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყოველგვარი უსამართლობა ჩვენი წინაპრებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე. 8აი, დღეს გადასახლებაში ვართ, სადაც მიმოგვფანტე ჩვენს საგინებლად, შესაჩვენებლად და ნაცვლისგებად ყველა იმ უსამართლობის გამო, რაც ჩაიდინეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს.
9ისმინე, ისრაელ, მცნებანი სიცოცხლისა და ყურად იღე, რათა შეიცნო სიბრძნე. 10რა ხდება, ისრაელ? რა გინდა მტრის ქვეყანაში? რამ დაგაბერა უცხო მიწაზე? 11რად შეიბილწე მკვდრებთან ერთად და შეირაცხე ქვესკნელის მკვიდრთა შორის? 12იმიტომ რომ დაუტევე წყარო სიბრძნისა. 13ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით იცხოვრებდი სამარადისოდ. 14ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის ცოდნა, რათა ამასთანავე შეიცნო, სადაა დღეგრძელობა და სიცოცხლე, სადაა თვალთა ნათელი და მშვიდობა. 15ვინ იპოვა სიბრძნის ადგილი და ვინ შევიდა მის საგანძურში? 16სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის მხეცთა მეუფენი? 17ისინი, ცის ფრინველებით რომ იქცევდნენ თავს, ანდა ოქრო-ვერცხლის მხვეჭელნი, რომელთა იმედიც აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭასაც არ უჩანს ბოლო? 18სად არიან ვერცხლის მჭედელნი, რომელთაც სხვა საზრუნავი არა ჰქონდათ, და რომელთა ნახელავსაც ვეღარსად ჰპოვებთ? 19გაქრნენ, ჯოჯოხეთს ჩავიდნენ და სხვები მოგვევლინნენ მათ ნაცვლად. 20ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ დედამიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა კი ვერ შეიცნეს. 21ვერც მის ბილიკებს მიაგნეს და ვერც მისი წვდომა შეძლეს; მათი შვილებიც შორს დარჩნენ ცოდნის გზიდან. 22არც ქანაანში სმენიათ მისი სახელი და არც თემანში უხილავთ. 23ვერც აგარის შვილებმა, მიწაზე რომ ეძებდნენ ცოდნას, ვერც მერანელმა და თემანელმა ვაჭრებმა, ვერც არაკთა მთხრობელებმა და ცოდნის მძებნელებმა ვერ მიაკვლიეს სიბრძნის გზას და ვერ შენიშნეს მისი ბილიკნი. 24ო, ისრაელ, რა დიდია უფლის სახლი და რაოდენ ვრცელია მისი სამკვიდრო. 25დიდია და უსასრულო, მაღალი და განუზომელი. 26იქ იშვნენ ბუმბერაზები, დასაბამითვე ხელოვანნი, ტანად ბრგენი და ომებში გამობრძმედილნი, 27მაგრამ არც ისინი გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა უსწავლებია მათთვის. 28ამიტომაც დაიღუპნენ, რადგანაც არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურობით. 29ვინ ავიდა ზეცად, ვინ დაეუფლა სიბრძნეს და ჩამოიტანა ღრუბლებიდან? 30ვინ გავიდა ზღვის გაღმა, ვინ მიაკვლია მას და წამოიღო, წმიდა ოქროზე უმჯობესი? 31არავინაა მისი გზის მცოდნე და არც მისი ბილიკის გულისხმისმყოფელი. 32მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი; თავისი გონებით მიაკვლია მან, ვინც საუკუნოდ განამზადა ქვეყნიერება და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველთა სიმრავლით; 33ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; უხმო მას და ისიც დაემორჩილა თრთოლვით. 34გაბრწყინდნენ ვარსკვლავები თავიანთ სახმილავებში და აღივსნენ ლხენით. 35უხმო მათ და მიუგეს – აქ ვართო, და სიხარულით აციმციმდნენ თავიანთი შემოქმედისთვის. 36ესაა ღმერთი ჩვენი და არავინაა მისი სადარი. 37მან მიაკვლია სიბრძნის ყველა გზას და ასწავლა იგი თავის მონას – იაკობს და თავის საყვარელს – ისრაელს. 38შემდგომ ამისა დედამიწაზე გამოჩნდა და ტრიალებდა კაცთა შორის.

Currently Selected:

Baruch 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in